სასკოლო ექსკურსიების მოწყობის წესში ცვლილებებია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ექსკურსიების მოწყობის წესი შეცვალა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, მოიხსნა სამინისტროს მიერ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით დაწესებული რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, სასკოლო ექსკურსიები 150 კმ-ის რადიუსში განხორციელებულიყო.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამჟამად არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვის აუცილებლობა აღარ არსებობს“, - ნათქვამია მიმართვაში.
როგორც edu.aris.ge წერს, ძალაში რჩება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, როგორიცაა:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანება.
მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსიისთვის ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.
ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია:
▪️ მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ.
▪️ ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.
▪️ ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.
▪️ მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
▪️ სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.
▪️ მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას, მათი კვების მიზნით, საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.
▪️ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.
▪️ ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.
„საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით გაწერილია ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ვალდებულებები, მათ შორის:
სასკოლო ექსკურსიის მძღოლი ვალდებულია ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:
▪️ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
▪️ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;
▪️ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, და მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში.
▪️ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.
▪️ ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
▪️ ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.
▪️ ექსკურსიის ფარგლებში იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება.
▪️ თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
▪️ ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით.
ექსკურსიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია:
სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობისათვის. ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მას წარუდგინოს ექსკურსიის მოწყობის თაობაზე დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.