ივლისში, მშენებლობის დარგში შემცირება დაფიქსირდა - საქსტატი
საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ივლისის განმავლობაში ზრდა დაფიქსირდა, თუმცა კლების ტენდენცია მშენებლობის სექტორში გამოიკვეთა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ივლისში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 17.7 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.6%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ივლისში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი რამდენიმე დარგმა შეიტანა, მათ შორის დამმუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, სამთომოპოვებითმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ.
ამასთან, მშენებლობა იმ ერთადერთ სექტორად დასახელდა, სადაც ივლისში კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
„2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში“, - ნათქვამია საქსტატის წინასწარ ანგარიშში.
საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შემდგომ დაზუსტდეს. მშენებლობის სექტორის კლების მასშტაბის შესახებ უწყებას ივლისის წინასწარ ანგარიშში ცალკე მაჩვენებელი არ წარმოუდგენია.