232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს - მთავრობის ანგარიში
2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი და ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში 10 არასრულწლოვანი.
„2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1-ელი ივნისიდან 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.
2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. ასევე, აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება 10 არასრულწლოვანი“, - აღნიშნულია ანგარიშში.