თეგებით ძიება

„ამერიკაში რუს ემიგრატებს ქართველებზე უკეთესი პირობები აქვთ და ბევრად უკეთ ექცევიან, რაც კითხვებს მიჩენს“ - თამარ ჩიბურდანიძე

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ბოლო სამ წელიწადში ბავშვების რაოდენობამ, რომლებიც სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებენ, 8 ათასს გადააჭარბა (2020 წელი - 1358 ბავშვი, 2021 წელი - 2698 ბავშვი,2022 წელი - 5 508 ბავშვი). საქართველოდან მკვიდრი მოსახლეობის გადინების პარალელურად, იზრდება უცხო ქვეყნებიდან მიგრაცია. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში ჯამში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტი, ანუ მესამედზე მეტია. თუ ამას უკრაინიდან, ბელორუსიდან შემოსულთა როდენობას დავამატებთ, ადვილი მისახვედრია, რომ საქართველო უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. TIA.GE დაინტერესდა რას ფიქრობენ შექმნილ მდგომარებაზე ქართველი დემოგრაფები და კომენტარი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარეს, თამარ ჩიბურდანიძეს ვთხოვეთ.

- დავიწყოთ იმით, რომ მიგრაციას თავისი სტანდარტი აქვს - მოქალაქემ მიგრანტის სტატუსი რომ მიიღოს, ქვეყანაში სულ მცირე, 6 თვე უნდა იცხოვროს. შეიძლება 6 თვის მერე სხვა ქვეყანაში გავიდეს, მაგრამ საქსტატში მონაცემების შეგროვება იმ 6 თვის აღრიცხვით ხდება. ბოლო მონაცემებით, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული მიგრანტების რიცხვი თითქმის თანაბარია და ეს ომს გამოქცეული ადამიანები არიან. ჩვენ მეზობელი სახელმწიფო ვართ და უფლება არ გვაქვს, რომ ვინმე, მით უმეტეს უკრაინელები არ მივიღოთ. მე მთაწმინდაზე, სოლოლაკში ვცხოვრობ და ჩემს მეზობლად ძალიან ბევრი რუსი და უკრაინელია. ყოველ საღამოს კაფეებში და ბარებში ერთად სხედან, ბავშვებს ერთად ასეირნებენ, ერთად სვამენ, ერთად ილხენენ და პირადად მე ეს ძალიან მახარებს. ამ ხალხს შორის არ ხდება მტრობის გაღვივება, რაც დღევანდელი არასწორი და უსამართლო პოლიტიკის შედეგია. ომის დაწყებამდე 45-მილიონიანი უკრაინა მსოფლიოს 5 ქვეყანაში შედიოდა, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული კრიზისია. უკრაინა მეორე ადგილზე იყო, საქართველო მეხუთეზე და თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რა მდგომარეობაა, როდესაც უკრაინიდან 20 მილიონამდე ადამიანი გავიდა.  

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველების მიგრაციაც გაზრდილია, ჩვენს დემოგრაფაზე როგორ აისახება ამდენი მიგრანტის შემოსვლა?

- დიახ, საქართველოდან მოსახლეობის გადინება გაზრდილია, მაგრამ ეს მარტო ჩვენი კი არა, ყველა განვითარებული სახელმწიფოს პრობლემაა. რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო უფრო მეტად იზრდება მიგრაცია და ეს ბუნებრივი პროცესია. სიმართლე გითხრათ, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ დემოგრაფები უფრო მაღალ მიგრაციას ველოდით და იმის მეათედი და უფრო ნაკლები მივიღეთ. ჩვენთან ნამდვილად არ არის ისეთი მაღალი მიგრაცია, როგორიც თავის დროზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჰქონდათ. დღეს ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებს: საფრანგეთს, იტალიას გერმანიას, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, იაპონიასაც კი მწვავე  დემორაფიული კრიზისი უდგას. 

როცა ქართველთა მიგრაციაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპაში წასული ქართველი მიგრანტები მოწყვლადი მიგრანტები არ არიან, რომლებიც უკან ვერ ბრუნდებიან. საერთაშორისო სტანდარტით მიგრანტად არ ითვლება პირი, რომელსაც  ოჯახთან კავშირი აქვს და ერთი წლის განმავლობაში სახლში თუნდაც ერთხელ ბრუნდება. იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს საქართველოდან გადის, სწორედ ასეთია. ასეთი მიგრაცია კი ქვეყნის მომავლისთვის საშიში არაა, პირიქით, მას ეკონომიკა მოაქვს. ამერიკაში წასული მიგრანტების შემთხვევაში სხვა მდგომარეობაა, მოქალაქეობის მიღებამდე არ ხდება თავისუფალი კავშირი საქართველოსთან.

ზოგადად, დემოგრაფიული პრობლემა ბევრია: შობადობის კლება, სიკვდილიანობის გაზრდა, დაბერების კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი და ა.შ. მაგრამ პირველ ადგილზე მაინც მიგრაცია დგას. 

- რუსეთი ზემოთხსენებულ რეიტინგში რომელ ადგილზეა?

- რუსეთშიც მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, თუმცა ომამდე იმ ხუთეულში არ შედიოდნენ. ზოგადად, რუსეთიდან მიგრაცია ყოვეთვის მაღალი იყო. ევროპაში და განსაკუთრებით ამერიკაში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს და  რაც ყველაზე საწყენია, რუს ემიგრატებს ქართველებზე უკეთესი პირობები აქვთ შექმნილი და ბევრად უკეთ ექცევიან, რაც პირადად მე კითხვებს მიჩენს. 

- პირობებში რას გულისხმობთ?

- დასაქმებას, პრივილეგიებს და ა.შ. გარდა ამისა, ქართველებისთვის მკაცრი სავიზო პოლიტიკა მოქმედებს. ასეთი მკაცრი სავიზო პოლიტიკა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ამას მკაცრი კი არა უმკაცრესი ქვია. შეიძლება მე, როგორც დემოგრაფს ეს სიმკაცრე მომწონს, რომ ნაკლები ქართველი გავიდეს ქვეყნიდან, მაგრამ მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორისგან სავიზო პოლიტიკის შეცვლა აუცილებელია. თუ ნამდვილად მეგობრები ვართ, რაღაც დონეზე ამ პოლიტიკას უნდა გადახედონ. სტრატეგიული მეგობრები ასე იქცევიან, მაგრამ თუ სიმართლე გინდათ, უფრო გამკაცრებას ველი. 

საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემები დროებითია. ახლა მთელ მსოფლიოში ქაოსია ახლა და თქვენ რომ იცოდეთ ის სქემა და დინამიკა, რომლითაც მსოფლიოს მოსახლეობა მოძრაობს, გაოცდებით. ასეთი რამ მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს. მოსახლეობას ჩაკეტილი კარი გაუხსნეს და ყველგან მოძრაობს. დღეს საქართველოში და არა მარტო აქ, ევროპული მიგრაციის სტილია. ჩემი მეგობარი, რომელიც ლონდონში ლექციებს კითხულობს  კვირაში ორი დღით ან თვეში ხუთი დღით ჩადის და უკან ბრუნდება. ანუ მსოფლიოში გადაადგილება ძალიან გამარტივდა და საქართველოც მსოფლიოს ნაწილია, თუმცა სახელმწიფომ მიგრაციის მიმართულებით უნდა გააძლიეროს მუშაობა და მე ახალი, ძლიერი ინიციატივების მოლოდინში ვარ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა