როცა ადამიანი რაღაცებს ვერ ხვდება, ბუნება მკაცრ გაკვეთილებს უტარებს და ახლაც ასე მოხდა.. - ვაჟა კაკაბაძე რაჭის ტრაგედიაზე
გუშინ, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ დროისთვის მაშველები 50-მდე ადამიანს ეძებენ.
გუშინვე, გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გელოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას ანუ ორი მყინვარის დნობას უხვი ატმოსფერული ნალექი დაემატა, რომელმაც ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების გააქტიურება და ხეობაში არსებული მყარი ნატანის დინამიკაში მოყვანა გამოიწვია. საბოლოოდ, ეს ღვარცოფში გადაიზარდა და 5 მილონ კუბურ მეტრზე მეტი მყარი მასა ადგილიდან დაიძრა. გეოლოგის შეფასებით დასავლეთ საქართველოში მსგავსი მასშტაბის სტიქია არ ყოფილა თუ 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას არ ჩავთვლით, როცა სოფელი ხახიეთი მიწაში ჩაიმარხა.
შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება და რისი გაკეთება იყო საჭირო პრევენციისთვის? ამის გასარკვევად TIA.GE ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ინჟინერ-გეოლოგს, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს და ფაზისის აკადემიის წევრს, ვაჟა კაკაბაძეს დაუკავშირდა.
- ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს. სამწუხაროდ, საქართველოს ულამაზეს კუთხეს - რაჭას მდინარეების ადიდება და ღვარცოფები ახასიათებს, თუმცა ასეთი მასშტაბის კატასტროფა არ მახსენდება. მე საბჭოთა კავშირის მეხოტბე არ გახლავართ, უფრო პირიქით, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ იმ დროს მსგავსი საფრთხის შემცვლი ადგილების კონტროლი ყოველთვის ხდებოდა. თავადაც მომიწია ყაზბეგში, კერძოდ სიონში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა და ასეთი უამრავი ღონისძიება ტარდებოდა.
- პრევენციული ღონისძიება რაში მდგომარეობდა?
- მცირე აფეთქებების საშუალებით ხდებოდა მყარი მასების ნაწილ-ნაწილ ჩამოშლა და საფრთხის განეიტრალება. ზუსტად ასეთი ღონისძიებები ტარდებოდა მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც წლების შემდეგ კატასტროფა მოხდა. მივდიოდით, მონიტორინგს ვახდენდით, შემდეგ ნიადაგში დაგროვილ გრუნტის წყალს ვცლიდით და საშიშრება მცირდებოდა. სამწუხაროდ, ახლა ასეთი სამუშაოები აღარ ტარდება, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ არაფერი მსმენია. როდესაც ერთ-ერთმა ტელევიზიამ ვაშლიჯვარის მეწყერზე კომენტარი მთხოვა, ვთქვი, კარგი საქმეა, მაგრამ იქ კბილისებრი ჯებირის გაკეთება აუცილებელია თქო. რატომ კბილისებრი? როდესაც მიწის დიდი მასა მოდის, თუ სწორი კედელი დახვდა, აუცილებლად წააქცევს, კბილისებრი ჯებირი კი ძალას ანაწილებს და საფრთხეს ამცირებს. გარდა ამისა ჯებირში უნდა იყოს დატანილი მილები, სადაც მოხდება ნაჟური წყლის გადინება. ვაშლიჯვარის მეწყრის დროს მერიამ საზღვარგარეთიდან კომისია მოიწვია. რად გვინდა უცხოელი სპეციალისტები როდესაც ჩვენი სპეციალისტები უცხოეთს იქით მიჰყავდათ, იქით გვიწვევდნენ რუსეთშიც, გერმანიაშიც და მეზობელ ქვეყნებშიც, ასე, რომ სპეციალისტების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს.
- შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება თუ შეიძლებოდა?
- რაც შეეხება რაჭაში მომხდარ უბედურებას, მდინარე ბუმბურას წყალმოვარდნები და ღვარცოფები ყოველთვის ახასიათებდა. ის ახალი გაკეთებული ხიდი, რომელიც მდინარემ წაიღო, ცოტა მაღალი რომ ყოფილიყო, შეიძლება გაეტარებინა.
კარგია, რომ მთავრობა გზების გაყვანას და კურორტების კეთილმოწყობას ცდილობს, მაგრამ ცოტა ინჟინრებს, ინჟინერ-გეოლოგებს და განსაკუთრებით, მორფოლოგებსაც უნდა მოუსმინოს, იმიტომ, რომ სწორედ მორფოლოგები სწავლობენ მეწყრულ ზონებს. ჩვენთან ინახება ძალიან დიდი მასალა, სადაც მეწყერი კარგად ჩანს. საერთოდ, მეწყერი სხვადასხვანაირი არსებობს - არსებობს მიძინებული და არსებობს მოქმედი. რა თქმა უნდა, თვალით ვერ შეამჩნევთ, მაგრამ მოქმედი მეწყერი მუდმივად მოძრაობაშია და როცა ის ასეთ ჩქარ მდინარეებთან კავშირშია, ყოველთვის ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. ყველა პროცესს მეცნიერული კვლევა და ახალი ხედვა ჭირდება. მორფოლგია დროში იმდენად ნელა იცვლება, რომ სრულიად საკმარისია ძველი გამოკვლევების ნახვა, რომ მიხვდე რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ვინც მდინარის გასწვრივ კოტეჯები ააშენა, ნახავდა, რომ იმ ტერიტორიაზე რიყის ქვები შემოსულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მდინარეს რაღაც პერიოდში ეს ტერიტორია დაკავებული ჰქონდა და ნიშანი დატოვა - ეს ადგილი ჩემია და ადრე თუ გვიან მოვალო. მეცნიერული გამოკვლევებიც რომ არა, დაკვირვებული თვალიც მიხვდება, რომ იქ კოტეჯების აშენება არ შეიძლება. დიახ, ურემი რომ გადაბრუნდება, რაღაცებს ვსწავლობთ, მაგრამ მერე გვავიწყდება. აბა რით ავხსნათ, რომ მდინარე ვერეს ხეობაში ისევ სახლები შენდება? ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ ჩვენს უდიერ დამოკიდებულებას ბუნება მკაცრად პასუხოს და სანამ გონს არ მოვეგებით, სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება. და ბოლოს, შოვის ტრაგედია კიდევ ერთი დასტურია, რომ რაჭაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაუშვებელია. ჯერ ისედაც ყველა მზის ენერგიაზე გადადის იმიტომ, რომ უსაფრთხოა და თანაც რაჭის არამდგრადი ქანების პირობებში მსგავსი რაღაცეების კეთება ძალიან საშიშია. როცა ადამიანი რაღაცებს ვერ ხვდება, ბუნება მკაცრ გაკვეთილებს უტარებს და ასეც მოხდა..