17-18 მარტს სურამი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
17-18 მარტს სურამი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები. სწორედ ამის გამო, ორი დღის განმავლობაში 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ133-კმ149 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება.