თეგებით ძიება

„ოკუპაციის კანონის დარღვევისთვის გადასახადი დავაწესოთ. შემოვიდნენ ტურისტები, ფული დახარჯონ, მაგრამ დამატებით ჯარიმაც გადაიხადონ“ - ლევან ლორთქიფანიძე

ივლისის მიწურულს ბათუმს საპროტესტო აქციების ფონზე, ორჯერ ესტუმრა სოჭიდან თურქეთისკენ მიმავალი რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო ხომალდი ASTORIA GRANDE, რაც აქციის მონაწილეთა სამართალდამცავებთან დაპირისპირებით და ათამდე ადამიანის დაკავებით დასრულდა. რამდენად გამართლებული იყო ქართული ოპოზიციის მოქმედება ბათუმში და როგორ მოქმედებს უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოზე? ამ და სხვა კითხვებით TIA.GE-მ პოლიტოლოგ, ლევან ლორთქიფანიძეს მიმართა.

- ჩვენი პოლიტიკური ჯგუფები ბათუმის მოვლენებზე მხოლოდ ემოციებით და ერთმანეთთან დაპირისპირების კონტექსტში რეაგირებენ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე არავინ მსჯელობს. მაგალითად, თუ არ მოგვწონს, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოდიან, კი არ უნდა ვიყვიროთ და კვერცხები ვესროლოთ, კონკრეტული ინსტიტუციონალური მექანიზმები უნდა მოვიფიქროთ. 

- მაგალითად, რომელი მექანიზმები?

- მაგალითად, ოკუპაციის კანონის დარღვევისთვის გადასახადი დავაწესოთ. თუ შემოდიან ეს ტურისტები, შემოვიდნენ, ფული დახარჯონ, მაგრამ დამატებით, კანონის დარღვევისთვის ჯარიმაც გადაიხადონ. შეიძლება რუსეთიდან შემოსულმა ტურისტებისთვის საქართველოს ოფიციალური პოზიციის გაცნობა და ხელის მოწერით თანხმობის დაფიქსირება სავალდებულო გავხადოთ, მაგრამ ასეთ საქმიან დეტალებზე მსჯელობის ნაცვლად, პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს ცოდვებს უხსენებს, რომელიც ორივე მხარეს საკმარისზე მეტი აქვს. 

- უკრანაში მიმდინარე მოვლენებზე რას ფიქრობთ? ომის დასრულებას როდის უნდა ველოდოთ?

- უკრაინაში ურთულესი მდგომარეობაა როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური თვალაზრისით. ვფიქრობ, რომ არც სამხედრო დახმარებაა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ მიზანს მიაღწიოს და ყირიმი დაიბრუნოს. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ახერხებს. დიახ, არც ერთი მხარე არ მარცხდება, მაგრამ ვერც იმარჯვებს და ასეთი ვითარება შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. რუსეთის მიზანი უკრაინის ხელისუფლების შეცვლა და კიევში შესვლაა, თუმცა კიევი კარგად დაცულია და რუსეთი ამ მიზანს ვერ მიაღწევს. უკრაინის მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რისი მიღწევის პერსპექტივებიც ჯერ არ ჩანს. სამაგიეროდ, გრძელდება ადამიანების ხოცვა, სავარგულების განადგურება, საიდანაც მთელი მსოფლიო მარცვლეულის მარაგდებოდა და აშ. ასე, რომ მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია და ომის შედეგს ელის.

- სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ზოგი ამ ორ მოვლენას შორის გარკვეულ კავშირს ხედავს.. 

- იმის საბუთი და არგუმენტი არ გვაქვს, რომ ასეთი კავშირი დავინახოთ. სააკაშვილი საქართველოში სავარაუდოდ, იმ იმედით ჩამოვიდა, რომ აქ სახელმწიფო გადატრიალებას, არეულობას და სამოქალაქო დაპირისპირებას მოაწყობდა და ამ ტალღაზე ხელისუფლებაში დაბრუნებას მოახერხებდა. საბედნიეროდ, მისი გეგმა არ განხორციელდა და სამოქალაქო დაპირისპირებების მცდელობა, რომელიც მას ჰქონდა, ჩანასახშივე ჩაიფუშა. 

- დასავლეთმა სააკაშვილის დაკავება თავიდან თითქოს მშვიდად მიიღო, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეფასებები გამწვავდა, უკაინიდანაც მკაცრი განცხადებები გვესმის და საქართველოს ხელსუფლებასაკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

- დიახ, მაგრამ ჩემი თვალთახედვით დასავლეთი ასეთი ერთფეროვანი არაა. საქართველოს შესახებ განცხადებებს ძირითადად პოლონელები, ბალტიისპირელები, ასევე უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები აკეთებენ, მაგრამ დასავლეთის ისეთ სერიოზულ და გავლენიან პირებს, როგორიცაა ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და სხვები საქართველოსთან მიმართებით ასეთი მკვეთრი და ისტერიკული განცხადებები არ გაუკეთებიათ. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა  ცდილობს, მთელ საქართველოს აჩვენოს, რომ დასავლეთი მარტო კუბილიუსი, გრეგორევა და სხვანი არიან. სამწუხაროა, რომ საქართველოზე ეს ხალხი მუშაობს და ეს ხალხი აქტიურობს. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო 12 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რომ საქართველოს საკითხზე უფრო სერიოზული ხალხი მუშაობდეს და მაშინ ასეთი აღქმები არც თქვენ გექნებოდათ და არც ქართულ საზოგადოებას.

- ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ უნგრეთს უვიზო მიმოსვლა შეუზღუდა, რაც ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. გამოდის, რომ ამერიკის პოზიცია საქართველოს მეგობრების მიმართაც მკაცრდება?

- ვწუხვარ, რომ დღეს საქართველოს საუკეთესო მეგობარი უნგრეთი და ჩინეთია და არა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფო. იმას არ ვამბობ, რომ მათთან კავშირი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მაგრამ წამყვან სახელმწიფოებთან, რომლებსაც სიტყვა ეთქმით, რომლებიც გარიყულები არ არიან და რომლებსაც სავიზო რეჟიმს არ უზუდავენ, ჩვენი კავშირი ისეთი  ინტენსიური არ არის, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ჩნდება ეჭვები, რომ საქართველოს ხელისუფლება იზოლაციონიზმის გზას ამ ომიდან გამომდინარე ადგას, რომელიც ღმერთმა დაგვიფაროს და ყოველ დღე შეიძლება საქართველოში გადმოვიდეს. დიახ, არსებობს ეჭვი, რომ მეზობელ სახელმწიფოში ომისა და მისგან მომდინარე საფრთხის გამო, საქართველო ყველანაირ მოძრაობას წყვეტს და ცდილობს თავის „ნაჭუჭში ჩაიკეტოს“ ან ავტორიტარულ რეჟიმებთან თავისი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახადოს და ეს არ მგონია, რომ სწორი იყოს.

- ბოლოს ამერიკის მოახლოვებულ არჩევნებზეც გკითხავთ. თქვენი აზრით, სად ვიხილავთ დონალდ ტრამპს უახლოეს მომავალში  - თეთრ სახლში თუ ფედერალურ ციხეში? 

- თუ ტრამპმა არჩევნებამდე მიაღწია და სასამართლო განხილვების გამო მისი კანდიდატურა არ შეფერხდა, რესპუბლიკური პარტიის შიგნით ძალიან დიდი - 50 -60%-იანი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამერიკის დემოკრატიული პარტიისადმი ჩემი პატივსცემისა, ამ პარტიამ ახალი ლიდერის გამოკვეთა ვერ შეძლო, რომელიც ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა. როდესაც დემოკრატების მთავარი კანდიდატი ბატონი ბაიდენია, რომელსაც მთელი მსოფიო მძინარე ჯოს ეძახის და ყველა ვხედავთ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე ძალიან მეეჭვება, რომ ბაიდენმა ტრამპისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს.

- ერთი გზა რჩება - არჩევნებამდე არ უნდა მიუშვან.

- დიახ, მაგრამ ამერიკა დემოკრატიაა. ამერიკის უზენაეს სასამართლოში მარტო დემოკრატები არ არიან, რესპუბლიკელებს სხვა ინსტიტუტებზეც დიდი გავლენა აქვთ და კონგრესის უმრავლესობაშიც ისინი არიან. ასე, რომ ეს საქართველო ან რუსეთი არ არის, რომ ვიღაცა, ვინც არ მოგწონს არ მიუშვა. შეერთებულ შტატებში ამის გაკეთება ასე მარტივი არ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა