თეგებით ძიება

"მარადიული სიცოცხლის სურნელი" - მეცნიერებმა ძველი ეგვიპტური სუნამოს შედგენილობა შეისწავლეს

მეცნიერებმა ეგვიპტური მუმიფიკაციის პროცესის დროს ბალზამში გამოყენებული ინგრედიენტების იდენტიფიცირებით უძველესი არომატის შედგენილობა შეისწავლეს და აღადგინეს.

მკვლევარებმა ახლაშესწავლილ არომატს "მარადიული სიცოცხლის სურნელი" უწოდეს. ბალზამში აღმოჩენილი სუნამოს შემადგენლობა ეფუძნება შორეული ქვეყნებიდან მოპოვებულ ფუტკრის ცვილს, მცენარეულ ზეთებსა და ხის ფისს. ის გამოყენებულია 3500 წელზე მეტი ხნის წინ, დიდგვაროვანი ქალის სენეთნეის სხეულის შესანარჩუნებლად, რომლის ნაშთები მოთავსებული იყო ეგვიპტურ ე.წ. ლარნაკში. აღმოჩენა განსაზღვრავს სენეთნეის სოციალურ სტატუსს, აგრეთვე მისი ნეშტის შესანარჩუნებლად გამოყენებულ მეთოდებს და ბალზამის ინგრედიენტების მნიშვნელობას. 

„სენეთნეის ცხედრისთვის გამოყენებული ბალზამის ინგრედიენტები ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მრავალფეროვანია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ავლენს ბალზამის დამზადების ზედმიწევნით დახვეწილ მეთოდს. ინგრედიენტების ასეთი დიდი ასორტიმენტის (მათ შორის, ეგზოტიკური ნივთიერებების, როგორიცაა ხის ფისი (დამარი, Pistacia))  არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მისი ბალზამირებისთვის ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული მასალები გამოიყენებოდა. ეს მიანიშნებს სენეთნეის განსაკუთრებულ სოციალურ სტატუსზე“, - თქვა წამყვანმა მკვლევარმა ბარბარა ჰუბერმა.

ცოტა რამ არის ცნობილი სენეთნეის შესახებ, მაგრამ წინა კვლევებმა დაადგინა, რომ ის  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1450 წელს ცხოვრობდა და ფარაონ თუტმოს III-ის დიდი ხნის ნანატრი ვაჟ-მემკვიდრის, ფარაონ ამენჰოტეპ II-ის,  ძიძა იყო. მატიანის მიხედვით, სენეთნეის ტიტული - "მეფის ორნამენტი" - მიენიჭა და ფარაონის გარემოცვაში საპატიო წევრი გახდა. გარდაცვალების შემდეგ სენეთნეის ორგანოები ბალზამირდა და ოთხ [ლარნაკისებურ] ქილაში მოათავსეს, რომლებიც დალუქული იყო ადამიანის თავის ფორმის ხუფებით.

მუმიფიკაციის დროს ეგვიპტელებმა სენეთნეის სხეულიდან ფრთხილად ამოიღეს ორგანოები - ფილტვები, ღვიძლი, კუჭი და ნაწლავები, რათა თავიდან აიცილებინათ ბაქტერიების გავრცელება და უკეთესად შეენარჩუნებინათ სხეული. კვლევის თანახმად, ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ სხეული ცოცხლდებოდა და ადამიანის სული ისევ ბრუნდებოდა. 

ბალზამირების პროცესის შემდეგ, ქილები, ეგვიპტის მეფეთა ველზე, სამეფო სამარხში მოათავსეს, რომლებიც ეგვიპტოლოგმა ჰოვარდ კარტერმა ჯერ კიდევ 1900 წელს აღმოაჩინა. 

მკვლევარებმა ქილების [რომლებშიც სენეთნეის ორგანოები იყო მოთავსებული] შიგნიდან გახეხვა შეძლეს, რათა შეესწავლათ ბალზამირების შემდეგ დატოვებული ნაშთი და ქილების ფოროვან კირქვაში დარჩენილი ნაწილი. მუმიფიკაციის დროს გამოყენებული ზუსტი რეცეპტები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, რადგან მისი ზუსტი ინგრედიენტები ძველ ეგვიპტურ წყაროებში არ არის მითითებული. ექსპერტთა გუნდმა, სხვადასხვა მაღალგანვითარებული ანალიტიკური ტექნიკის გამოყენებით, ბალზამის ინგრედიენტების იდენტიფიცირებისთვის კვლევა 2021 წელს დაიწყო. ორ ქილაში არსებული ბალზამის შედგენილობა ოდნავ განსხვავდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება სხვადასხვა ინგრედიენტი იყო გამოყენებული ორგანოს სტრუქტურის მიხედვით. ბალზამი შეიცავდა ფუტკრის ცვილს, მცენარეულ ზეთებს, ცხოველურ ცხიმებს, გუდრონს და ფისს. ასევე ქიმიურ ნაერთებს, როგორიცაა კუმარინი და ბენზოის მჟავა. კუმარინს ვანილის მსგავსი სურნელი აქვს და ის ბარდასა და დარიჩინში გვხვდება, ბენზოის მჟავას კი ხეებისა და ბუჩქების ფისი შეიცავს.

ქილაში, რომელშიც სენეთნეის ფილტვები ინახებოდა, მკვლევარებმა ცაცხვისა და ფისტას ხეებიდან აღებული სურნელოვანი ფისები აღმოაჩინეს. იმ დროისთვის ეს მცენარეები ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იყო გავრცელებული.

„აღნიშნული ინგრედიენტების აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ეგვიპტელებს შორეულ ქვეყნებთან სავაჭრო კავშირები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ლარქის ხის ფისი და დამარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული ტყეებისთვის იყო დამახასიათებელი. მოგზაურობა საკმაოდ რთული იქნებოდა და საზღვაო გზებით მასშტაბური ექსპედიციების მოწყობა ჯერ კიდევ შედარებით იშვიათი მოვლენა იყო. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეგვიპტელები თავად ჩადიოდნენ ამ შორეულ ქვეყნებში, შესაძლოა ისინი ქსელური კავშირების საშუალებით ვაჭრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენდა გლობალიზებული სამყაროს ადრეულ ფაზებს, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ,“ - თქვა მკვლევარმა ბარბარა ჰუბერმა.

ბალზამის ინგრედიენტების იდენტიფიცირების შემდეგ, კვლევითმა ჯგუფმა ფრანგ პარფიუმერ კაროლ კალვეზთან და სენსორულ მუზეუმოლოგთან სოფია კოლეტ ერიხთან ერთად იმუშავა, რათა ბალზამის ნამდვილი სურნელი აღედგინა.

„ამ პროცესს თვეები და მრავალი ექსპერიმენტი დასჭირდა, სანამ ისტორიულად ზუსტ და შოკისმომგვრელ სურნელს მივიღებდით. როდესაც ამ სურნელს თავდაპირველად გავეცანი, ეს ჩემთვის ღრმა და თითქმის ირეალური განცდა იყო. დიდი ხნის კვლევა-ანალიზის შემდეგ, საბოლოოდ ვიგრძენი არომატული კავშირი ძველ სამყაროსთან - ეს წარსულიდან შორეულ გამოძახილს ჰგავდა“, - თქვა ჰუბერმა.

დანიის მოესგარდის მუზეუმში "მარადიული სიცოცხლის სურნელი" ძველი ეგვიპტური გამოფენის ნაწილი იქნება, რომელიც ოქტომბერში გაიხსნება. 

„სურნელი რეალურად წარმოაჩენს უნიკალურ, ღრმა კავშირს წარსულთან, გამოგზაურებთ დროში... ინტიმური და ამაღელვებელია. ამ უძველესი არომატის აღდგენის მიზანი ანტიკურ და თანამედროვე ეპოქას შორის „შუალედის შევსებაა“, რაც საშუალებას მისცემთ ვიზიტორებს, მართლაც „ჩაისუნთქონ“ ანტიკურობის ფრაგმენტი“, - აღნიშნა ბარბარა ჰუბერმა. 

წყარო: https://edition.cnn.com/2023/08/31/world/ancient-egypt-balm-scent-scn/index.html 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა