ისტორიკოსებმა მიჩიგანის ტბის ფსკერზე 150 წლის წინანდელი "დაუზიანებელი" გემი აღმოაჩინეს
150 წლის წინ, მიჩიგანის ტბაში, ვისკონსინის შტატის ქალაქ ალგომას სანაპიროდან 17 კმ-ის დაშორებით, ორანძიანი გემი „Trinidad“-ი ჩაიძირა. ორმა ისტორიკოსმა - ბრენდონ ბეილოდმა და ბობ იეკმა - 42.7 მ სიგრძის გემის ნაშთები აღმოაჩინა, რომლებიც, მათი თქმით, "საოცრად დაუზიანებლად არის შემონახული".
„გაოგნებულები ვიყავით, როცა დავინახეთ, რომ არა მხოლოდ გემბანი იყო შემორჩენილი გემის კორპუსში, არამედ ყველა კაბინა, ყველა ჭურჭელი და ეკიპაჟის აღჭურვილობა. ეს ნამდვილად ჰგავს გემს ბოთლში. ეს დროის კაფსულაა“, - განუცხადა ბეილოდმა New York Times-ს.
აღმოჩენა ორწლიანი ძიების კულმინაციაა. ამ დროის განმავლობაში, ბეილოდმა ათობით ახალი ისტორიული სტატია შეაგროვა „Trinidad“-ის შესახებ, შეისწავლა გემის საზღვაო ზოლები და მისი ამ დრომდე უხილავი სურათი აღმოაჩინა.
ისტორიკოსების განმარტებით, შესწავლილ ფაქტებზე დაყრდნობით, გემი ნელა ჩაიძირა, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ის უვნებელი დარჩა. ივლისში, სონარის ტექნიკის გამოყენებით, ბეილოდმა და იეკმა საბოლოოდ იპოვეს ის, რასაც ეძებდნენ. ვისკონსინის ისტორიული საზოგადოების წყალქვეშა არქეოლოგის, თამარა ტომსენის დახმარებით, ისტორიკოსებმა იმ ნამსხვრევების ზომები გაზომეს, რომლებიც მათი აზრით, „Trinidad“-ის კონსტრუქციას ემთხვეოდა.
„თავის დროზე შხუნა [ორი ან მეტანძიანი გემი] ერთ-ერთი მრავალ გემთაგანი იყო, რომელიც მარცვლეულის ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა. გემს ნახშირი და რკინა გადაჰქონდა ოსვეგოდან, ნიუ-იორკიდან ჩიკაგოში და მილუოკიში, შემდეგ ვისკონსინის ხორბლით ბრუნდებოდა, რომელიც საბოლოოდ აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ქალაქებში იგზავნებოდა. ეს უაღრესად მომგებიანი ვაჭრობა იყო და „Trinidad“-ით ასობით მოგზაურობამ მისი მფლობელები გაამდიდრა. ის მილიონერების გემი იყო,“ - წერს ბეილოდი.
რამდენიმე წლის განმავლობაში, არასათანადო მოვლის გამო, 1881 წლის 11 მაისს გემის საყრდენი ნაწილი წყლით აივსო და ჩაძირვა დაიწყო, საბოლოოდ კი ზედაპირიდან 91.44 მ სიღრმეზე დარჩა. კაპიტანმა და ეკიპაჟმა პატარა ნავით მოახერხა გადარჩენა. ისინი 8 საათის განმავლობაში, ცივ ამინდში ცურავდნენ, შემდეგ აჰნაპეს ნაპირზე გავიდნენ.
მას შემდეგ გემი ტბის ფსკერზე დარჩა. ბეილოდი და იეკი გემის „სრულყოფილად დოკუმენტირებას“ უზრუნველყოფენ და მას ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში შესატანად წარადგენენ.
წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/archaeologists-discover-an-almost-entirely-intact-142-year-old-shipwreck-in-lake-michigan-180982848/