თეგებით ძიება

პერუში 1000 წლის თმიანი მუმია აღმოაჩინეს

პერუს ქალაქ მირაფლორესში, არქეოლოგებმა 1000 წლის მუმია აღმოაჩინეს. ისინი თვლიან, რომ ახალი აღმოჩენის ყველაზე გასაოცარი თვისება მისი თმაა: მუმიას გრძელი ყავისფერი ხვეული თმა აქვს, „რომელიც წარმოუდგენლად დაუზიანებლად არის შემონახული“. 

არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის მირელა განოზას თქმით, მუმიფიცირებული პიროვნება იჩმას კულტურის წარმომადგენელი იყო. ინკების იმპერიამდე ეს ჯგუფი დღევანდელი პერუს ცენტრალურ სანაპიროზე ცხოვრობდა.

„ეს აღმოჩენა გვეხმარება იმ ინფორმაციის შევსებაში, რაც იჩმას კულტურის შესახებ მანამდე ვიცოდით“, - თქვა მირელა განოზამ. 

მკვლევარებს ჯერ არ დაუდგენიათ მუმიის სქესი, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1000 წლით თარიღდება. მათ ასევე არ გამოუვლენიათ ვრცელი დეტალები მუმიის გამორჩეული ვარცხნილობის შესახებ. როგორც განოზამ განაცხადა, „თმაში ჩაბნეული ლენტი შესაძლოა მის ვარცხნილობას ამყარებდა“. 

ახლადაღმოჩენილ მუმიას ადგილზე ნაპოვნი სხვა სამარხებისგან რამდენიმე ფაქტორი განასხვავებს. როგორც არქეოლოგმა ფრენკ ბაკერიზომ აღნიშნა, მაგალითად, მუმია ორი კერამიკული ჭურჭლის და ქსოვილის გვერდით იწვა. ქსოვილი რამდენიმე ლითონის საგანზე იყო შემოხვეული. ცხედარი ასევე მოთავსებული იყო მოხრილი გადაჯვარედინებული ფეხებით, რაც იჩმას კულტურაში დაკრძალვის წესისთვის დამახასიათებელია.

მუმია დაკრძალული იყო გამოუწვავი აგურისა და თიხის პირამიდის ქვეშ, რომელსაც ჰუაკა პუკლანა ჰქვია. პერუს მრავალი სხვა ადგილის მსგავსად, ამ კონსტრუქციას რიტუალისტური მნიშვნელობა ჰქონდა. ესპანელების მოსვლამდე  ეს კულტურა რამდენიმე ისტორიულ ეპოქას  მოიცავდა.

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ლიმას კულტურის სახელით ცნობილი ცივილიზაციის წარმომადგენლებმა პირამიდა ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 500 წელს ააგეს. ეს ჯგუფი ამ ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვით 700 წ.-მდე დასახლდა, რასაც ვარის კულტურის აღმოცენება მოჰყვა. ბოლოს კი, ახალი წელთაღრიცხვით 1000 წელს, იჩმას კულტურის დროს შესაძლოა ეს ადგილი სასაფლაოდ გამოიყენებოდა. იქ აღმოჩენილია როგორც ვარის, ასევე იჩმას სამარხები.  

„ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მირაფლორესის ცენტრში, თანამედროვე შენობებითა და კონსტრუქციებით გარშემორტყმული ქალაქის შუაგულში, ჯერ კიდევ შემორჩენილია მნიშვნელოვანი ადგილი - ჰუაკა პუკლანას საზეიმო ცენტრი“, - განუცხადა განოზამ Reuters-ს.

ლიმა სავსეა მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებით; 2023 წელს ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ რამდენიმე მუმია აღმოაჩინეს. რამდენიმე თვის წინ, არქეოლოგებმა ლიმაში 3000 წლის მუმია აღმოაჩინეს. ლიმას მდიდარი ისტორიის მიუხედავად, პერუში ყველაზე ცნობილია მე-15 საუკუნის შუა ხანებში გაშენებული მაჩუ-პიქჩუ, რომელიც ასევე ქვეყნის უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. 2023 წლის დასაწყისში, ქვეყანაში არსებული სამოქალაქო არეულობის გამო ინკების ქალაქი დაახლოებით ერთი თვით დაიხურა, თუმცა მას შემდეგ ის კვლავ გაიხსნა ვიზიტორებისთვის.  

წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/archaeologists-uncover-ancient-peruvian-mummy-with-a-full-head-of-hair-180982878/ 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა