ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობის მაჩვენებელი საგანგაშოა - კვლევა
სატელიტური მონაცემების მიხედვით, ანტარქტიდაზე ზღვის ყინულის საფარი გაცილებით შემცირებულია, რაც ახალი შემაშფოთებელი მაჩვენებელია რეგიონისთვის, რომელიც ოდესღაც გლობალური დათბობის მიმართ მდგრადი ჩანდა.
როგორც ცნობილია, ანტარქტიდის უზარმაზარი ყინულის სივრცე პლანეტის ტემპერატურას არეგულირებს. ექსპერტების განცხადებით, შესაძლოა ანტარქტიდის „დედამიწის მაცივრის“ ჩვეული როლი „რადიატორად“ გარდაიქმნეს. ყინული, რომელიც ცურავს ანტარქტიდის ოკეანის ზედაპირზე, ამჟამად 17 მილიონ კვ.კმ-ზე ნაკლებ მანძილზე ვრცელდება - ეს სტატისტიკა 1,5 მილიონი კვ.კმ-ით ნაკლებია სექტემბრის საშუალო მაჩვენებელზე და 2022 წლის ზამთრის რეკორდულ მაჩვენებელზე ბევრად დაბალიც. დაკარგული ყინულის ფართობი დაახლოებით ხუთჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის კუნძულებს.
Arctic Sea Ice News and Analysis-ის მთავარი მკვლევარი ვალტერ მეიერი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ზღვის ყინული მნიშვნელოვნად აღდგება. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ, დაადგინონ ყინული დნობის გამომწვევი ყველა ფაქტორი.
”არსებობს რისკი, რომ ყინული გატყდეს. ის მოქმედებს, როგორც მიწის დამცავი ფენა და ხელს უშლის ოკეანის გათბობას. ზღვის ყინულის დნობის ზემოქმედება შეიძლება აშკარა გახდეს, როდესაც სეზონი ზაფხულში გადადის ხოლმე და არსებობს ყინულის შეუჩერებელი დნობის პოტენციალი. ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა მსოფლიოსთვის,” - თქვა ვალტერ მეიერმა.
„არსებობს ნიშნები იმისა, რომ ის, რაც უკვე ხდება კონტინენტურ მყინვარულ ფარზე, ყველაზე უარესი სცენარია, რაც უკვე ნაწინასწარმეტყველებია. 1990-იანი წლებიდან ანტარქტიდის ყინულის დნობამ 7,2 მმ-ით შეუწყო ხელი ზღვის დონის აწევას. ზღვის დონის მცირე მატებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სახიფათოდ ძლიერი შტორმი და გაანადგუროს ზღვისპირა დასახლება. ეს ზემოქმედება კატასტროფული იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში,“ - თქვა ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა ჰოგმა.
წყლით გარშემორტყმულ ანტარქტიდას საკუთარი ამინდისა და კლიმატის სისტემა აქვს. 2023 წლის თებერვლამდე, ზაფხულში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ზღვის ყინულის საფარი რეკორდულად დადნა. ანტარქტიდის სიშორე და ისტორიული ინფორმაციის ნაკლებობა ნიშნავს, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. მანიტობის უნივერსიტეტის მკვლევარის რობი მალეტის თქმით, რეგიონი მეცნიერული თვალსაზრისით ჯერ კიდევ "ველური დასავლეთია".
მეცნიერებმა იციან, რამდენად შორს ვრცელდება ზღვის ყინულის საფარი, მაგრამ არა, მაგალითად, რამდენად სქელია ის. ამ თავსატეხის ამოხსნამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კლიმატის მოდელები რეგიონისთვის. მეცნიერების ვარაუდით, წლევანდელი რეკორდულად თბილი ოკეანეები ხელშემწყობი ფაქტორია - თბილი წყალი არ გაიყინება; შესაძლოა ანტარქტიდის ტემპერატურა ოკეანის დინების ცვლილებებმა და ქარმაც განაპირობა. ელ-ნინომ - ამინდის ფენომენმა, რომელიც ამჟამად წყნარ ოკეანეში ვითარდება, ასევე შეიძლება წვრილმანი წვლილი შეიტანოს ზღვის ყინულის დნობაში.
„შეშფოთებისთვის ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობს. ეს არის ანტარქტიდის კლიმატის ცვლილების პოტენციურად საგანგაშო ნიშანი, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა და ის მხოლოდ ახლა ჩნდება,“ - თქვა რობი მალეტმა.
წყარო: https://www.bbc.com/news/science-environment-66724246