სეპარატისტები ყარაბაღში პოსტებს ტოვებენ და უკან იხევენ - აზერბაიჯანული მხარე
„სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, რომლებსაც საბრძოლო მასალა ამოეწურათ, მთიან ყარაბაღში პოსტებს ტოვებენ!“, - ამის შესახებ „რეპორტი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
„რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით ყარაბაღის სომეხი მაცხოვრებლების მიმართვის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს 13:00 საათზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ადგილობრივი ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების შეჩერების შესახებ.
შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში განლაგებული სომხური შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და განიარაღებულნი არიან. პარალელურად ტერიტორიიდან გადის იარაღი და მძიმე ტექნიკა“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
ინფორმაციისთვის, ოფიციალურმა ბაქომ 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.