6 მოზარდი, რომლებმაც ისტორია შეცვალეს
დროდადრო, გონიერი და ნიჭიერი მოზარდები ისტორიის მსვლელობას ცვლიან. წარმოგიდგენთ ექვს ადამიანს, რომლებმაც მოზარდობის ასაკში ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს.
ჟანა დ’არკი
13 წლის ასაკში, მას სჯეროდა, რომ ღმერთის მისიას ასრულებდა, თუმცა არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. ჟანა დ’არკი, ასწლიანი ომის დროს, ორლეანში ინგლისელთა წინააღმდეგ ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა და 1429 წელს ჩარლზ VII-ს სამეფოს დაბრუნებაში დაეხმარა. ჟანა დ’არკი ინგლისელებმა 1430 წელს შეიპყრეს და 1431 წელს კოცონზე დაწვეს. ის საფრანგეთის ეროვნული გმირი გახდა და, საბოლოოდ, 1920 წელს წმინდანად შერაცხეს.
ბობი ფიშერი
1958 წელს, 15 წლის ასაკში, ამერიკელი ბობი ფიშერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე გახდა და დიდოსტატად [უმაღლესი ტიტული] დასახელდა. მან საერთაშორისო ყურადღება ორი წლით ადრე მიიპყრო, როდესაც დონალდ ბირნსი "საუკუნის თამაშში" დაამარცხა. ის ჯილდოებს 1970-იანი წლების შუა პერიოდებამდე იღებდა. როდესაც ბობი ფიშერი პენსიაში გავიდა, 1992 წელს ისევ გამოჩნდა და ყოფილ ოპონენტს ბორის სპასკის ეთამაშა - "განმეორებითი მატჩი საუკუნის თამაშისთვის" ფიშერის გამარჯვებით დასრულდა.
ლუი ბრაილი
1824 წელს, ფრანგმა ტიფლოპედაგოგმა ლუი ბრაილმა უსინათლოთათვის რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი, ე.წ. ბრაილის შრიფტი შექმნა, როდესაც ის სულ რაღაც 15 წლის იყო. ბრაილი შრიფტს თანდათან ხვეწდა და აფართოებდა. აღსანიშნავია, რომ ბრაილი 3 წლის ასაკიდან ბრმა იყო. ბრაილის შრიფტი 63 სიმბოლოსგან შემდგარი კოდისგან შედგება. თითოეული სიმბოლო მოიცავს 1-6 წერტილს, რომლებიც განლაგებულია ექვსპოზიციურ მატრიცაში ან უჯრედში. წერტილები ამოტვიფრულია ქაღალდზე და იკითხება თითების გამოყენებით. ტიფლოპედაგოგმა 1837 წელს ბრაილის შრიფტის პირველი წიგნი გამოსცა.
ბარბარა ჯონსი
1951 წელს, ვირჯინიის შტატში, ფერმვილში, 16 წლის ბარბარა ჯონსმა სკოლაში არსებული უხარისხო აღჭურვილობების გამო სტუდენტური გაფიცვა წამოიწყო. მისმა აქტივობამ ,,ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაციის“ ორი იურისტის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც ბარბარა ჯონსის საქმე სასამართლოში წარადგინეს. მისი საქმე ერთ-ერთია იმ ხუთიდან, რომელიც უზენაესმა სასამართლომ განიხილა და გამოიყენა როგორც მტკიცებულება იმისა, რომ რასობრივი, რელიგიური ან სქესობრივი ნიშნით სკოლების იზოლირება არაკონსტიტუციურია.
მერი შელი
ინგლისელმა მწერალმა მერი შელიმ „ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე“ 18 წლის ასაკში დაწერა, თუმცა 21 წლამდე არ გამოუქვეყნებია. მასვე ეკუთვნის კიდევ რამდენიმე ცნობილი რომანი, რომლებსაც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში წერდა, მაგრამ „ფრანკენშტაინი“ შელის ყველაზე ცნობილი გოთიკური რომანია და კლასიკად რჩება.
მალალა იუსაფზაი
2014 წელს, პაკისტანელი უფლებადამცველი მალალა იუსაფზაი, 17 წლის ასაკში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. ახალგაზრდა აქტივისტი ცნობილი გახდა თალიბების წინააღმდეგ გამოსვლებით და ახალგაზრდა გოგონების მხარდაჭერით, რათა მათ განათლება მიეღოთ. მალალა იუსაფზაი საჯაროდ პირველად 11 წლის ასაკში გამოვიდა. მან საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, როდესაც 15 წლის ასაკში სიკვდილს გადაურჩა - შეიარაღებულმა კაცებმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მალალამ კრიტიკული მდგომარეობა გადალახა.
წყარო: https://www.britannica.com/story/6-teenagers-who-made-history