რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა „მონა.ჯი“-ზე შეინახება - რას აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე?
პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროამ“ ერთობლივი პლატფორმის, „მონა.ჯის“ პრეზენტაცია გამართეს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აღნიშნული პლატფორმა დანაშაულებრივი სისტემისა და რუსეთის მსახურების საჯარო მხილების მათ მიერ შემუშავებული მექანიზმია.
მისივე თქმით, პლატფორმის მიზანია, რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების მხილება და მათი გასაჯაროვება, შემდგომში კი ამ ადამიანების ვინაობის ციფრულ ფორმატში შენახვა.
„როდესაც ყველა ფოკუსირებულია არჩევნებზე და არჩევნების დღეს რა დარღვევები შეიძლება იყოს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც რეალურად ხდება არჩევნების დალაგება, პირველ რიგში სუს-ის მიერ. თუმცა ამაშია ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი, ამის ნაწილია, მათ შორის ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამაში ჩართულია პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ამაში ჩართულია მოძალადე ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ პოლიტიკურ ოპონენტებზე და სხვა სოციალურ ჯგუფებზე, სასულიერო პირები, რომლებიც ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართული და ასე შემდეგ. ამ პროექტის მიზანია, ყველა ამ ადამიანების მათი ვინაობის საჯაროდ გამოტანა. ამ ვინაობების შენახვა მომავლისა და ისტორიისთვის ციფრულ ფორმატში. ყველას სახელსა და გვარს შევუნახავთ შთამომავლობას და ყველას ეცოდინება, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში, როცა ჩვენ გვქონდა და გვაქვს ჯერ კიდევ შანსი, სწრაფი ევროინტერგრაციისა და ნატო-ში ინტეგრაციის, ეს ხალხი, ემსახურებოდნენ ამ ქვეყანაში რუსულ ინტერესებს. თუ ეს ხალხი გადაწყევტს ოდესმე, რომ ქვეყნიდან გაიქცეს და თავი შეაფაროს დასავლეთის რომელიმე ქვეყანას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუშალოთ და ამასთან მიმართებაში გვაქვს კომუნიკაცია საქართველოში არსებულ დიპლომატიურ მისიებთან და მათ შორის ამ ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურებთანაც. ეს არის ამ პროექტის მიზანი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი არის ვებგვერდი მონა.გე, სადაც მოხდება განთავსება ამ ადმაიანების. გვაქვს შექმნილი სპეციალური საბჭო, სადაც შევლენ როგორც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლები და ეს ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ მოხვდება ამ სიაში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.