კაცმა თავი ვიტრინაში მდგარ მანეკენად გაასაღა, რომ სამკაულების მაღაზია გაეძარცვა - შემთხვევა ვარშავაში
ვარშავის პოლიციის ინფორმაციით, 22 წლის კაცმა თავი ვიტრინაში მდგარ მანეკენად გაასაღა, რათა თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო და არასამუშაო საათებში სამკაულების მაღაზია გაეძარცვა.
"ის ჩანთით ხელში იდგა მაღაზიის ვიტრინის წინ, ვითომ მანეკენი იყო. როდესაც თავი დაცულად იგრძნო, სამკაულები მოიპარა". - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ბრალდებული სავაჭრო ცენტრის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც ის დაცვამ დააკავა.
კაცს სავაჭრო ცენტრში მომხდარ სხვა მსგავს ინციდენტებშიც ედება ბრალი. ვარაუდობენ, რომ იგი არასამუშაო საათებში სავაჭრო ცენტრში შეიპარა, რათა ბარიდან საჭმელი და მაღაზიიდან დიზაინერების ტანსაცმელი მოეპარა. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ კაცი მაღაზიების დახურვის შემდეგ სალაროებიდან თანხას იპარავდა.
კაცს სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო: ტაბულა