„ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ერთმანეთს ბეირუთში შეხვდნენ და გამარჯვების მიღწევის გზები განიხილეს
"ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ერთმანეთს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შეხვდნენ და გამარჯვების მიღწევის გზები განიხილეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია. მასში „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა, „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-აირი და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ზიად ან-ნაჰალა მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხი, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამბოხებულებმა გამარჯვებას ღაზას სექტორში.
„შეთანხმებული იყო პოზიციები საერთაშორისო არენაზე და მომავალი გეგმები. მიზანი - ღაზასა და პალესტინაში ამბოხებულების რეალური გამარჯვება და სასტიკი აგრესიის შეჩერებაა. მიღწეულია შეთანხმება კოორდინირებული მოქმედების გაგრძელების შესახებ“, - იუწყება ლიბანური ტელეარხი „ალ-მანარი“.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე მოძრაობა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო. შეტევები ამ დრომდე გრძელდება. ასევე რამდენიმე ავიაიერიშის სამიზნე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განლაგებული ტერორისტთა შტაბები გახდა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანი „ჰამასის“ საბოლოო განადგურებაა.