ეს შეიძლება გახდეს ქვემო ქართლში ანტისემიტური მოვლენების წინაპირობა - ლევან ლორთქიფანიძე
როგორც მოსალოდნელი იყო, 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა გამოძახილი საქართველოშიც პოვა. გუშინ, 31 ოქტომბერს მარნეულში 100-მდე ადამიანმა პალესტინის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მოაწყო. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა დაგმეს ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე თავდასხმა, გააკრიტიკეს ისრაელის მხარდამჭერი ქვეყნები და ტერორისტული სახელმწიფოები უწოდეს უწოდეს ისრაელს, აშშ-ს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
მოსალოდნელია თუ არა საქართველოს მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში ვითარების გამწვავება და ანტისემიტური განწყობების გაძლიერება? ამ და სხვა თემებზე TIA.GE კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტილოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა:
- კავკასიურ სახლს ქვემო ქართლთან ინტენსიური კავშირები აქვს - იქ უამრავი მეგობარი გვყავს და აზერბაიჯანულ და სომხურენოვან მოსახლეობასთან ლექციებს ვატარებთ, ანუ იქ არსებულ სიტუაციაზე მეტ-ნაკლებად ინფორმაცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო, დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში ძალიან გააქტიურებულები არიან ფუნდამენტალისტური, რელიგიური შიიტური ორგანიზაციები, რომლებიც ირანის ხელისუფლებას არა, მაგრამ ირანის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და ტენდენციებს უკავშირდებიან.
- ქვემო ქართლში რას აკეთებენ, გააქტიურება რაში გამოიხატება?
- ძირითადად, აფინანსებენ სასწავლო კურსებს და რელიგიურ სემინარებს შიიტური თეოლოგიის მიმართულებით. უწყინარი სახელის მიუხედავად, ასეთ დაწესებულებებში, რომლებიც ძირითადად, შიიტურ მეჩეთებთან ახლოს იხსნებიან, რადიკალურ იდეებსაც ქადაგებენ და ანტისემიტურ იდეებსაც. ჩემი აზრით, მარნეულში გამართული მიტინგი სწორედ ამ შიიტური რელიგიური ორგანიზაციების ახალგაზრდულ წრეებში მუშაობას უკავშირდება, რაც შეიძლება ქვემო ქართლში ანტისემიტური მოვლენების წინაპირობა გახდეს. თუმცა გუშინდელ მიტინგზე ანტისემიტური განცხადებები არ გაკეთებულა. ორგანიზატორების მხრიდან არავის უთქვამს, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს, მათ უბრალოდ, სოლიდარობა გამოუცხადეს არაბ მოსახლეობას, რომელიც ღაზას სექტორში ცხოვრობს და სხვათა შორის ღაზას სექტორის მოსახლეობის 50%-მდე არასრულწლოვანია. ბავშვებს უმძიმეს პირობებში უწევთ ყოფნა, ბევრი იხოცება და ბუნებრივია, მათ მიმართ სოლიდარობის განცდა არსებობს. მთავარია, ამან ანტისემიტური შინაარსი არ მიიღოს, რისი მცდელობაც აუცილებლად იქნება.
- თქვენი აზრით, რა მოხდა მაჰაჩყალას აეროპორტში და რატომ მოხდა?
- ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიაში სრული კარტ-ბლანში მისცა ისლამის პოპულისტებს, როგორიც მაგალითად, კადიროვია. ის ისლამიზმის იდეებს, ოღონდ პოლიტიკური კონტექსტით ქადაგებს და თან აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს. ეს ადამიანი მის საწინააღმდეგოდ გაჟღერებულ ნებისმიერ მოსაზრებას ცეცხლითა და მახვილით უსწორდება. როდესაც ისლამისტი პოპულისტები ჩრდილოეთ კავკასიაში ამხელა ძალაუფლებას ფლობენ და კადიროვის წინაშე ყველა სხვა ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკის მეთაური ძრწის, ბუნებრივია, ამ ისლამისტურ-პოპულისტურ წიაღში ანტისემიტური ტენდენციები და ღაზის სექტორისა და ჰამასის მიმართ სენტიმენტები წარმოიქმნება. საკუთარი ხელისუფლების „ნელთბილი“ პოზიციის გარდა, მათ ზურგს ისიც უმაგრებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი თურქულენოვანი ხალხი ცხოვრობს (ბალყარელები, ყარაჩაელები და ა.შ.) შესაბამისად, მათთან თურქეთის პრეზიდენტის მოწოდებები ადვილად ვრცელდება. როგორც იცით, თურქეთის პრეზიდენტმა ჰამასის ტერორისტული დაჯგგუფების წევრებს პირდაპირ წმინდა ომის მებრძოლები უწოდა. ასე რომ ეს ტენდენციები ხელს უწყობს, რომ ამ ველურმა ანტისემიტიზმმა ხან ერთ და ხან მეორე ქვეყანაში ამოხეთქოს.
- ბოლო დროს საქართველო მშვიდობის კუნძულივითაა, საითაც ომის დევნილები მიიწევენ. ჩვენი ელჩის. ლაშა ჟვანიას თქმით, 24 დღის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა და მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის მქონე მხოლოდ 1 500 პირია. არის თუ არა საფრთხის შეცველი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ემიგრანტთა ასეთი დიდი ნაკადების მიღება?
- როდესაც ქვეყანაში დიდი მიგრაციული ნაკადები შემოდიან, საფრთხე ყოველთვის არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი სახელმწიფო ისეთი ინსტიტუციურად ძლიერი და მოწესრიგებული არ არის, როგორიც უნდა იყოს. ასე, რომ დიახ, ასეთი მიგრაციული დინებები სახიფათოა, მაგრამ საქართველო ასეთი მიგრაციული ტალღებისთვის ხშირად შუალედური გაჩერების პუნქტია. ჩვენ ვნახეთ, რომ თავიდან ქვეყანაში ძალიან ბევრი რუსი შემოვიდა, მაგრამ მერე დასავლეთ ევროპაში გადაინაცვლეს, იმიტომ, რომ აქ შესაბამისი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო არ არის, რომ სტაბილურად მოიკიდონ ფეხი. რაც შეეხება ებრაელებს, მათ ძალიან დიდი პატრიოტული და ნაციონალისტური გრძნობები აქვთ და არ მგონია, რომ ჩვენთან დიდი ხნით დარჩნენ. პირიქით, ახალგაზრდები ევროპიდან და ამერიკიდან ისრაელში ბრუნდებიან, რომ ომში ჩაერთონ. აქ ძირითადად შემოდიან მოხუცები და ბავშვები, ვისაც ომში ჩართვა არ შეუძლია. ასე, რომ ისრაელიდან შემოსული მიგრაცია ამ ეტაპზე ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.