გლდანში ენმ-ის დეპუტატზე თავდასხმისას დაპირისპირების საქმეზე მელია, კუპრავა და დოლიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2 000 - 2 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მოსამართლე ნათია ბუსკივაძემ სამივე მათგანი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ცნო დამნაშავედ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გლდანში 22 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული რამდენიმე ათეული პირი ფიზიკურად გაუსწორდა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარსპაშვილსა და დავით დანელიას.
თავდასხმის შემდეგ ადგილზე ენმ-ის ლიდერებიც მივიდნენ, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან. პოლიციელებმა ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
რაც შეეხება ენმ-ის დეპუტატზე და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს. ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები 25 სექტემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 16 ნომებერს გაიმართება.