რატომ გახდა საზამთრო პალესტინის სოლიდარობის სიმბოლო?
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა შენიშნეთ, რომ სოციალურ მედიაში (განსაკუთრებით Tiktok-სა და X-ში) გავრცელებულ ვიდეორგოლებში საზამთრო პალესტინასთან დაკავშირებულ მოვლენებთან ასოცირდება. ზოგი ჭამს საზამთროს, ზოგი ხატავს მას ან დროშებზე გამოსახავს. საიდან გაჩნდა ეს ფენომენი? სინამდვილეში, საზამთროს, როგორც პალესტინის სიმბოლოს გამოყენება, ახალი ამბავი არ არის.
საქმის არსში გასარკვევად, აუცილებელია გავიხსენოთ 1967 წელი, როდესაც ისრაელმა, ექვსდღიანი ომის შემდეგ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორზე კონტროლი დაამყარა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია მოახდინა. იმ დროს ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის დროშის საჯაროდ გამოფენა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა. ამიტომ, აკრძალვისთვის გვერდის ასავლელად, პალესტინელებმა საზამთროს გამოყენება დაიწყეს, რომელსაც, გაჭრისას, პალესტინის ეროვნული დროშის ფერები (წითელი, შავი, თეთრი და მწვანე) აქვს. 1993 წელს, ოსლოს შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ისრაელისა და „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის“ მიერ ურთიერთაღიარებას ითვალისწინებდა, პალესტინის დროშის გამოყენების აკრძალვა მოიხსნა. ამ დროიდან მოყოლებული, ეს დროშა პალესტინის ხელისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს განაგებს. ბოლო თვეებში კვლავ დაიწყეს საზამთროს გამოყენება პროპალესტინური დემონსტრაციების დროს, განსაკუთრებით 2023 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პოლიციას პალესტინის დროშების ჩამორთმევის უფლება მისცა. ფრანგული „მონდის“ ინფორმაციით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა, რომ პალესტინის დროშა „ტერორისტულ ორგანიზაციასთან იდენტიფიცირების მაჩვენებელია“. ბენ-გვირმა ასევე აღნიშნა, რომ მას „სურს, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარ წაქეზებას ბოლო მოეღოს“. 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმებისა და ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული საპასუხო საჰაერო დარტყმების შემდეგ, პალესტინელმა აქტივისტებმა საზამთრო ისევ გამოიტანეს „ბაზარზე“. უფრო მეტიც, ეს სიმბოლო ახლა გამოიყენება არა მხოლოდ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, არამედ მას ხშირად გამოსახავენ მთელ მსოფლიოში მიმდინარე პალესტინელების მხარდამჭერ დემონსტრაციებზე გამოტანილ პლაკატებზე. გასული წლის იანვარში ის თავად ისრაელში, ნეთანიაჰუს მთავრობისა და მის მიერ შეთავაზებული მართლმსაჯულების რეფორმის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროსაც კი გამოიყენეს. პალესტინელების მხარდასაჭერად დროშებზე საზამთრო პარიზში ჩატარებული აქციის მონაწილეებმაც გამოსახეს, როგორც ეს ამ სტატიის ზედა ფოტოზეა ნაჩვენები.
წყარო: 1 tv.ge