ქართველი ემიგრანტი, რომელმაც მსოფიოს ნაძვის ხის მინის სათამაშოები აჩუქა - რაჭველი ბიჭის გზა თავბრუდამხვევ ამერიკულ ცხოვრებამდე
ის, რომ დღეს ნაძვის ხის მინის სათამაშოებით მორთვის ტრადიცია მთელს მსოფლიოს აერთიანებს, ქართველი ბიზნესმენის დამსახურებაა. გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი იყო ის, ვინც 1945 წელს ნაძვის ხის მინის სათამაშოები აშშ-ში შექმნა და დღეს მსოფლიო ნაძვის ხის მინის სათამაშოები სწორედ ქართველი გამომგონებლის დამსახურებით ირთვება.
გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი 1883 წ. ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაიბადა. აშშ-ში წასვლამდე ის ძმასთან ერთად ბორჯომში, მინის ქარხანაში მუშაობდა. ის ამ პერიოდში დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და პროდუქციის გაზრდის მეთოდი შეიმუშავა. კობახიძე შემდეგ ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში.
1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპციალისტების დახმარებით შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო გახსნა, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა და მინის ქარხანაში უბრალო მუშად მოეწყო. მომდევნო წელს კი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. ცხრა წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა „ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში და უკვე ამ დროს შექმნა განსხვავებული ავტომატური კალამი, რომელმაც რამდენიმე პატენტი მიიღო.
1919 წელს კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან ახლოს, დიდი ქარხანა გახსნა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Coby Glass Products Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და ა.შ.), სახელი გაითქვა აშშ-ში. სხვადასხვა მონაცემით, მისი კომპანიის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წელს 15 მილიონ დოლარს აღწევდა.
II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობიმ სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Babel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”.
გრიგოლ კობახიძე 1883 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. , ათი წლისა იყო, როდესაც სახლიდან გაიპარა და კითხვა-კითხვით ჩავიდა ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ, ბორჯომში, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა მუშაობდა.
გიგომ ბორჯომში ოთხი წელი დაჰყო, მინის წარმოების ტექნოლოგიას დაეუფლა და პროდუქციის გაზრდის მეთოდიც შეიმუშავა. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა, ნიჭიერი ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. მათი ხელშეწყობით გიგო ჯერ თბილისის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობდა.
ასე დაიწყო გრიგოლ კობახიძის ანუ ჯორჯ კობის თავბრუდამხვევი წარმატებებითა და განსაცდელით სავსე ცხოვრება...
წყარო: geotimes.ge