სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 153 პირი ვამხილეთ - კოკა კაციტაძე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 153 პირი ვამხილეთ, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
კაციტაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს დაუთმო.
მისი განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.