თეგებით ძიება

ქირურგი, რომელსაც ჩემი 12 წლის შვილი საოპერაციოდ უნდა შეეყვანა, მთვრალი იყო – ბორჯომის კლინიკაში მშობელმა პოლიცია გამოიძახა

ბორჯომელი ნათია ნიკურაძე აცხადებს, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქირურგი, რომელსაც  მისი 12 წლის შვილისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტის მშობელმა პოლიცია გამოიძახა. როგორც ჩვენთვის ცნობილია მედიკოსი ალკოჰოლზე იმავე დღეს შემოწმდა.

მშობლის თქმით, ბავშვი კლინიკაში 12 ნოემბერს ღამით შეიყვანეს. მომხდარის შესახებ ნათია ნიკურაძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„ჩემს შვილს ჰქონდა ბრმანაწლავის შეტევა, გადავიყვანეთ ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსში, შეყვანის წუთიდან დაუდგეს გადასხმა, ექიმი მოვიდა და რომ გასინჯა არ მომეწონა ძალიან და ვიკითხე ამ ექიმს რა სჭირს–თქო? მიპასუხეს ეძინაო და გავჩერდი...აუღეს ანალიზები და გადაუღეს ეხოსკოპია.

პასუხების შედეგად გვითხრეს რომ ნამდვილად საოპერაციო არისო.

აგვიყვანეს პალატაში მოსამზადებლად. მომზადების პროცესში ვატყობდი რომ ჰოსპიტლის თანამშრომლები ძალიან საეჭვოდ ფუსფუსებდნენ და ჩურჩულებდნენ. გული ცუდს მიგრძნობდა, გავედი დერეფანში და აღმოვაჩინე რომ ქირურგი რომელსაც ჩემი 12 წლის შვილი საოპერაციოდ უნდა შეეყვანა მთვრალი იყო ხალხნოო... ბავშვს ტკივილები ჰქონდა და გამაყუჩებლები გაუკეთეს რომ ელოდებოდნენ ექიმის გამოფხიზლებაას...ავტეხეთ მე და ჩემმა მეუღლემ ერთი ამბავი და ბავშვი სასწრაფოთ წამოვიყვანეთ თბილისში იაშვილის კლინიკაში. მიღებისთანავე ჩაუტარდა ხელახალი კვლევები ბავშვს, პასუხების და კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ ნაწლავური ინფექცია ჰქონია, გამორეცხვების შედეგად ბავშვს მოეხსნა ტკივილები და წამოვიყვანეთ სახლში.

ხალხნო ბორჯომის ჯეო პოსპიტალს არ გაეკაროთ, ბავშვს დამიღუპავდნენ ეგ არაადამიანები. არაფრით არავის არ შევარჩენ ჩვენს გამწარებას....სასაკლაოდ არის ქცეული.. ქირურგი არის მალხაზ ბურნაძე“, – წერს იგი სოციალურ ქსელში.

ნათია ნიკურაძის თქმით, კლინიკის დატოვების შემდეგ პოლიცია გამოიძახა:

„ნამდვილად ნასვამი იყო, არაფერი მომჩვენებია. თანამშრომლების საუბარს მოვკარი ყური. ბრაზობდნენ ძალიან, ამბობდნენ ნასვამია და როგორ უნდა გაუკეთოს ოპერაციაო. ექიმს პირადადაც ვესაუბრეთ და ალკოჰოლის სუნი ჰქონდა. ბავშვს არ გვატანდნენ, წინააღმდეგობა გავუწიეთ და წამოვედით. კლინიკის ეზოდან დავრეკეთ პოლიციაში, დაველოდეთ, ავუხსენით რა მდგომარეობაც იყო და წავედით თბილისის კლინიკაში, ბოლომდე ამ პროცედურებს არ დავსწრებივართ“, – ამბობს მშობელი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქირურგი ნასვამი არ ყოფილა რადგან, შემოწმების შედეგად ფაქტი არ დადასტურდა:

„ქირურგი იმავე ღამეს შეამოწმეს შესაბამისმა ორგანოს თანამშრომლებმა, ადგილზევე და მსგავს ფაქტს არ ჰქონია. პოლიცია ახალციხიდან იყო ჩამოსული“, – ამბობს კლინიკის დირექტორი, გელა ორველაშვილი.

რედაქცია ესაუბრა ქირურგ, ექიმ მალხაზ ბურნაძესაც, მანაც უარყო, რომ სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა:

„გეტყვით მხოლოდ სიმართლეს. საჭიროებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მორიგეობა მომიწია, უფროსი ვარ და უპატრონოდ ვერ დავტოვებდი განყოფილებას. უძილო ვიყავი. ბავშვი გავსინჯე, მივიტანე ეჭვი, რომ იყო ბრმანაწლავის შეტევა. ტაქტიკა ასეთია მედიცინაში, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით არ ვაკეთებთ ოპერაციას. ჩავუტარეთ გამოკვლევევბი  და დავტოვეთ ბავშვი დაკვირვების ქვეშ. სამ საათში კიდევ დაჭირდებოდა განმეორებითი გამოკვლევა, ასევე გამოვიძახეთ ბავშვთა ქირურგი. ჩემმა დაღლილობამ თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას, პაციენტის მშობელმა ჩათვალა, რომ მე ვიყავი ნასვამი. რატომღაც ჩათვალეს, რომ ოპერაციას ვაგვიანდები და ბავშვს ამასობაში რამე დაემართებოდა. წაიყვანეს ბავშვი თბილისში. ჩემი ტაქტიკა აღმოჩნდა სწორი, ბავშვს თბილისშიც არ  ჩაუტარდა ოპერაცია, დააკვირდნენ და აღმოჩნდა რომ არ იყო ქირურგიულად სამკურნალო“, – ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, იმავე ღამეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალკოტესტით შეამოწმეს და სიმთვრალის ფაქტი არ დაუდასტურდა:

„პოლიციელები მოვიდნენ, დამკითხეს, ჩამიტარეს ალკოტესტი, მთელი პროცედურა ვიდეოზეა აღწერილი. აპარატზე ნოლებია დაფიქსირებული. გასაგებია რომ მშობელი ნერვიულობდა, ეგონა რომ გვიანდებოდა ოპერაცია და აღელვების ფონზე ჩათვალეს ეს. არ მინდა ოჯახმა გულთან  მიიტანოს ის, რაც არ მოხდარა, ცუდი დამოკიდებულება ნუ ექნება ჩვენი კლინიკის მიმართ“, – ამბობს მალხაზ ბურნაძე.

რა დაადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და დაიწყო თუ არა გამოძიება, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რედაქცია პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.

ჩატარებული კვლევების პასუხს ელოდება ნათია ნიკურაძეც: "გვეუბნებიან რომ ჯერ კვლევების საბუთები არ აქვთ ხელშიო. უნდა შევხვდეთ კლინიკის დირექტორს, სავარაუდოდ ის გაგვაცნობს სიტუაციას. როგორც თავად გვითხრა კლინიკაში შემოწმებაზე არიან შესულები და ჩვენთან შეხვედრას ვერ ახერხებს, რაც შეეხება ბავშვთა ქირურგის გამოძახების საკითხს, მე და ჩემმა მეუღლემ ვიკითხეთ ექთნებთან  ექიმი, რომელიც ოპერაციას გეგმავდა იყო თუ არა ბავშვთა ქირურგი,  ამის შემდეგ გვითხრა [მალხაზ ბურნაძემ] რომ დაგველოდეთ ერთი საათი და გამოვიძახებთო".

წყარო: სამხრეთის კარიბჭე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა