თეგებით ძიება

რაც უფრო მეტი იქნება ევროკავშირთან და ნატოსთან ჩვენი ბმა, რუსეთისგან მომავალი საფრთხის ხარისხი უფრო მეტად შემცირდება - ვახტანგ ხმალაძე

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, დეკემბერში გადაწყდება. მზად არის თუ არა ქვეყანა ახალი ვალდებულებებისთვის, სტატუსის მიღების შემთხვევაში, რა სარგებელს მიიღებს და რას ნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფარული მუქარა? ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა.

- კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას აქტიურად და ქმედითად დაუჭერს მხარს. სხვა უამრავ სარგებელს, მათ შორის მატერიალურ სარგებელსაც მივიღებთ, როდესაც სხვადასხვა მიმართულებებით მოქმედების სერიოზული დაფინანსება მოხდება. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება სხვადასხვა პროექტების დაფინანსება, თანადაფინანსებები და ა.შ. მსგავსი პროექტები, დღესაც ხდება, ოღონდ ამის მასშტაბი მკვეთრად გაიზდება. 

- ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი ხელფასები თუ გვექნება?

- ამისათვის საჭიროა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სათანადოდ განვითარდეს და ბიუჯეტი გაიზარდოს, მაგრამ თუ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესი სწრაფი იქნება, ბუნებრივია, ხელფასებიც გაიზრდება.

- რომელ სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობთ?

- პირველ რიგში, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ასეთ შეთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება და რასაკვირველია, ხელფასების და პენსიების გაზრდის შესაძლებლობა გაჩნდება. ევროკავშირი უშუალოდ ხეფასების და პენსიების გაზრდას ვერ უზრუნველყოფს და მე თუ მკითხავთ, არც უნდა უზრუნველყოს, იმიტომ, რომ ეს ჩვენი შრომით უნდა მოვიპოვოთ. ევროკავშირი ეკონომიკური ზრდის წინაპირობების შექმნაში დაგვეხმარება, რასაც სხვა რაღაცების ზრდა მოჰყვება. მმართველობითი სფეროს ოპტიმიზაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდეს. იმ საქმისთვის, რომელსაც  ერთი  საჯარო მოხელე გაუმკლავდება, სამი და ოთხი საჯარო მოხელე არ უნდა იყოს გამოყოფილი. ოპტიმიზაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საჯარო მოხელის ხელფასი გაიზარდოს და ხარჯი შემცირდეს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ხელფასი შეიძლება არა ოთხჯერ, არამედ ორჯერ გაიზარდოს. შესაბამისად, საჯარო მოხელე ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, მაგრამ საბიუჯეტო ხარჯიც ორჯერ შემცირდება, გამოთავისუფლებული თანხა კი შეიძლება მაგალითად, სოციალურ სფეროს მოხმარდეს. ბევრი რამის სწავლა და გაკეთება შეიძლება, მთავარია, რომ ამის სწავლა და გაკეთება გვინდოდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთბაშად  ევროკავშირსაც არ მიუღწევია იმ მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაც აქვს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ეს თანდათან განვითარების გზით  ხდებოდა, ჩვენთვის გაცილებით ადვილი იქნება, იმიტომ, რომ სტანდარტები, რომლებიც სწრაფი განვითარების შესაძლებლობას იძლევა, უკვე არსებობს. ჩვენ არაფრის გამოგონება არ დაგვჭრდება, უბრალოდ არსებული ცოდნა უნდა გამოვყენოთ.

- კანდიდატობა სარგებელის გარდა, ვალდებულებასაც გულისხმობს, ამისთვის რამდენად მზად ვართ?

- ამიტომ ვთქვი, რომ უნდა გვინდოდეს. დღესდღეობით, ჩვენი ხელისუფლების მოქმედებაში მე ამ მონდომებას ვერ ვხედავ და ეს სამწუხარო რეალობაა...

- ეს სამწუხარო რეალობა რუსეთის ფაქტორს ხომ არ უკავშირდება, რომელიც ღიად იმუქრება, რომ საქართველოს არ დათმობს.

-  აქ რუსეთის გარდა, სხვა დიდი და მძლავრი ქვეყნების ფაქტორებია, თუმცა რუსეთი განსაკუთრებული ხარისხის საფრთხეა - ყველა  ვხედავთ რუსეთის მოქმედებას უკრაინაში. სხვა ქვეყნების მხრიდან ასეთი საფრთხეები არ არსებობს, თუმცა ბუნებრივია, იქნება საქართველოზე გავლენების გავრცელების მცდელობა. ასეთ შემთხვევაში საქართველომ უბრალოდ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი სწორად განვითარდა, ეს ჩვენი განვითარებისთვის ყველაზე სწორი და სწრაფი გზა იქნება. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი იქნება ევროკავშირთან და ნატოსთან  ჩვენი ბმა, რუსეთისგან მომავალი საფრთხის ხარისხიც უფრო მეტად შემცირდება. სხვაგვარად წინ ვერ აღვუდგებით, თუმცა ამის გარდა, ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიც გვაქვს. ეს არის ხელისუფლების კლანური მოქმედებები, ელიტური კორუფცია, გადაწყვეტილებები, რომელთა საფძველზეც  ცალკეული პირების მდგომარეობა უმჯობესდება და სხვათა მდგომარეობა არა თუ უმჯობესდება, ხშირად უარესდება კიდეც. ის, რომ ჩვენთან სასამართლოსადმი ნდობა უაღრესად დაბალია ხომ ჩვენი და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ბრალია? თეორიულად, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენი მორალით და პრინციპებით ამის გასაკეთებლად მზად არ ვიქნებით, არაფერი გამოვა და კანდიდატის სტატუსი კიდეც რომ მივიღოთ, ევროკავშირთან დაახლოება არ მოხდება. ევროკავშირი თავის წევრად არ მიიღებს ქვეყანას, რომელიც ევროპული სტანდარტებისგან შორსაა, რადგან ამით მძიმე ტვირთს აიკიდებს და საკუთარ თავს პრობლემებს შეუქმნის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტანდარტებს დავუახლოვდეთ და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა პრობლემა აღარ იქნება. მარტო ჩვენ კი არ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირსაც უნდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ამისათვის იმ წესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც ევროკავშირშია. სადაც და ვისთანაც გვინდა მისვლა, კეთილი უნდა ვინებოთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც მათთან არის მიღებული.

- „იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ“...

- დიახ, „იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთან ახლო ურთიერთობას არავინ მოინდომებს. 

- ლავროვის მუქარანარევ განცხადებაზე კახა კალაძემ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო -თქვა,  მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ნამდვილად არ არსებობს  საფრთხე, რომ უკრაინის ბედი გავიზიაროთ?

- ამ შემთხვევაში, კახა კალაძეს დავეთანხმებოდი, რომ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. რისკი რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ამ რისკის ხარისხი არა მგონია, რომ მაღალი იყოს. რუსეთი უკრაინასთან  ომში იმდენად ჩაფლულია და მის პოტენციურ შესაძლებლობებსაც თუ შევხედავთ, არა მგონია, რომ ჩვენთან ომის რეალური შესაძლებლობა არსებობს. გარდა ამისა, თუ რუსეთმა რაღაცა მსგავსი მოინდომა, არა მგონია, არა მგონია, რომ დემოკრატიული ქვეყნების რეაქცია ისეთი იყოს, როგორიც 2008 წელს, როდესაც ევროპასა და შეერთებულ შტატებს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მათი მოქმედებები არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ომი გააჩაღა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რისკის ხარისხის მიუხედავად, თუ არ ვიმოქმედეთ თუ თავისუფლებისთვის არ ვიბრძოლეთ, ეს თავისუფლება თავისით არ მოვა.  რასაკვირველია, შეგვიძლია დამპყრობელს თავი დავუხაროთ და მონურ მდგომარეობაში გადავიდეთ. მონა ფიზიკურად განადგურებისგან დაცულია, მაგრამ ამ დროს მისი განვითარების ყველანაირი შანსი კვდება. მე არ მგონია, რომ ჩვენს ერს თავისი ისტორიის მანძილზე მონობაში ცხოვრება სურდა. ის ყოველთვის თავისუფლებისთვის იბრძოდა და არა მგონია, რომ დღეს ამ ბრძოლაზე უარი თქვას. მთავარია, სწორად ვიმოქმედოთ, ჩვენი საქმე კეთილსინდისიერად ვაკეთოთ და თავისუფლების მიღწევაც შესაძლებელი იქნება და განვითარებაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა