“6 წელიწადში თურქეთის მოსახლეობის ნახევარი შესაძლოა, წყლის უკმარისობის წინაშე აღმოჩნდეს” - თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი
თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ გლობალური კლიმატის კრიზისის პირობებში, წყლის ეფექტური გამოყენების კრიტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ CNN Turk-ი იტყობინება.
„წყლის ეფექტური გამოყენების კამპანიის“ ფარგლებში, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე პირობებში გვალვა ისეთი კატასტროფის ხასიათს იძენს, რომელიც მიწისძვრის და წყალდიდობის შედეგებს შეედრება.
იუმაკლი აცხადებს, რომ თუ არსებული ტენდენციები გაგრძელდება, 2030 წლისთვის ქვეყნის წყლის რესურსები შესაძლოა, კრიტიკულ დონემდე დაეცეს.
მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ თურქეთი შესაძლოა, წყლის მწვავე დეფიციტის მქონე ქვეყნების სიაში შევიდეს.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში თურქეთის მოსახლეობის ნახევარი შესაძლოა, წყლის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ წყლის რესურსები 20%-ით შემცირდება.
„ჩვენ შეგვიძლია, ვმართოთ ეს პროცესი და კრიზისში გადასვლა ავირიდოთ. ეს არის ჩვენთვის ისტორიული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა იუმაკლიმ.