თეგებით ძიება

„ძალადობის მიმართულებით განათლებაში ძალიან დაბალ დონეზე ვართ და ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ აქედან მომდინარეობს“ - მანანა ფურცხვანიძე

სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით 2012 წელს ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა, თუმცა ის საქართველოში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება და შესაბამის რეიტინგში ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 920 ადამიანი გახდა. მათ შორის 4 977 ქალი და 943 მამაკაცია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 13 წელს მიუღწეველი 165 პირიც. 

მიუხედავად იმისა, რომ  ძალადობა ყველაზე ხშირად ქალებზე ხორციელდება, TIA.GE ამჯერად ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებით და ბავშვებით დაინტერესდა და შესაბამისი კითხვებით „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ იურისტს მანანა ფურცხვანიძეს მიმართა:

- სამწუხაროდ, ძალადობისგან არავინ არის დაცული, მათ შორის, არც მამაკაცი და ბავშვი. დადგენილია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები უფრო ხშირად მამაკაცები არიან და ამის სტატისტიკაც არსებობს, თუმცა მამაკაცი სამართალდამცავებს იშვიათად მიმართავს. სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ პრობლემას საკუთარი ძალებით გაუმკლავდება. პოლიციას დახმარებისთვის უფრო მეტად, ასაკოვანი მამაკაცები მიმართავენ, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრი ნაკლებად აღელვებთ და გამბედაობა და გამოცდილება საშუალებას აძლევთ, რომ საკუთარი პრობლემები გარეთ გამოიტანონ. რაც შეეხება ბავშვებს, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გოგოები შვილებს დედის პარტნიორისგან აჩენენ. ბავშვების იდენტიფიცირება რომ არ მოხდეს, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ გეტყვით, რომ საუბარია დედის პარტნიორის მხრიდან გაუპატიურებაზე და შედეგად ფეხმძიმობაზე. ეს უმძიმესი შემთხვევებია და უფრო უარესია, რომ ზოგ შეთხვევაში, დედა ცდილობს პარტნიორს ხელი დააფაროს და პასუხისმგებლობისგან იხსნას. 

- გამოდის, რომ ბავშვის ინტერესები დედის პირადი ცხოვრების უფლებას ეწირება?

- ვერ ვიტყვი, რომ დანაშაული ქალის უფლებებმა გამოიწვია, მაგრამ დაუშვებელია საზოგადოების პოზიცია, რომ სხვისი ოჯახის საქმე არ ეხება, სათანადო სტრუქტურების მხრიდან რაღაცეებზე თვალის დახუჭვა და ასეთი დედის გვერდით შვილის დატოვება, თუმცა მარტო იმ სტრუქტურებსაც ვერ დავადანაშაულებთ, რომლებსაც რეაქცია უნდა ჰქონდეთ - ვიღაცამ იქამდე ხომ უნდა მიიტანოს? სახლში, სადაც პატარა გოგონა იზრდება, გარკვეული რისკია, როცა დედას თავისზე ახალგაზრდა პარტნიორი მოჰყავს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რომ თავისზე ახალგაზრდა ან უფროსი პარტნიორი ჰყავდეს, მაგრამ მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ ბავშვი ყველანაირად დაცული იყოს. საზოგადოებაში ასეთი შემთხვევები არსებობს და ამის გამეორებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ბავშვების მიმართ ყურადღება ყველა სტრუქტურიდან და პირველ რიგში, იმ საზოგადოებიდანაა საჭირო, რომელიც ბავშვის გარშემოა - ნათესავი, მეზობელი და ა.შ. არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ეს მისი საქმე არაა, მას არ ეხება და და ა.შ. 

- პარტნიორთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უყურადღებო დედებს რაიმე პაუხისმგებლობა თუ ეკისრებათ?

- ასეთი ოჯახი აუცილებლად სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. სოც-მუშაკი უნდა აფასებდეს დედა რამდენად ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანია, შვილს როგორ უვლის და ა.შ.  საბოლოოდ, დედის პასუხისმგებლობა იმ სოციალური მუშაკის დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ოჯახთან იმუშავებს.  სახელმწიფო უნდა ხედავდეს როგორ იზრდებიან ეს ბავშვები, სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახია თუ უზრუნველყოფილი. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რამ და უარესი უზრუნვეყოფილ ოჯახებშიც მოხდეს.  ასე, რომ სოციალურ სამსახურებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მათ შეუძლიათ და ევალებათ, რომ მშობლის უფლება  შეუზღუდონ მშობელს, რომელიც საკუთარ მოვალეობებს ვერ უმკლავდება. 

- გვიამბეთ ახალი პროექტის შესახებ, რომელშიც თქვენი ორგანიზაცია ჩაერთო. 

- ეს არის პროექტი, რომელიც მოძალადე მამაკაცების ქცევის კორექციაზე მუშაობს. ორგანიზაციას ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც მოძალადეებთან ფსიქოთერაპიას ატარებს. 

- მამაკაცებს თუ აქვთ პროექტში ჩართვის სურვილი? სიამოვნებით მოდიან?

- მოძალადეების გადმომისამართება დამცავი ორდერის გამოცემის შემდეგ,  სასამართლოთი ხდება. ასე, რომ როცა სასამართლო დამცავ ორდერს გამოსცემს და კურსის გავლას ავალდებულებს, სურვილზე საუბარი აღარაა. თუკი მოძალადე გადაწყვეტილებას ან განჩინებას არ აღასრულებს, ამას შეიძლება სასამართლოს მხრიდან კიდევ სხვა გაგრძელება მოჰყვეს. 

- და ბოლოს, ძალიან კარგია, რომ ქალთა უფლებებს და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მეტი ყურადღება ექცევა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ქალები ამ ბერკეტს მამაკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებენ. ამბობენ, რომ ცრუ დასმენით მამაკაცების დაკავებებიც არაა იშვიათობა.  

- ზოგადად არაკეთილსინდისიერ ადამიანს ყველაფრით მანიპულირება შეუძლია. ვერავინ გამორიცხავს რომ რომელიმე ქალი მამაკაცით მანიპულირებას არ ეცდება, მაგრამ არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან თავის დაცვის ერთადერთი ბერკეტი ცოდნაა. დიახ, უნდა იცოდე კანონიერი საშუალებებით თავი როგორ დაიცვა, ამიტომ ცნობიერების ამაღლების კამპანიები როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის ერთნაირად საჭიროა. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ოჯახშიც და სამსახურებშიც მეტად იჩაგრებიან, მაგრამ თავის დაცვა ქალსაც უნდა შეეძლოს და კაცსაც. განათლებული საზოგადოებაში ძალადობა არც მამაკაცის მხრიდან იქნება და არც ქალის. სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა, რომ განათლებაში და განსაკუთრებით, ძალადობის მიმართულებით განათლებაში ძალიან დაბალ დონეზე ვართ და ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ აქედან მომდინარეობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა