"თურმე რა ბიჭი ყოფილა, ახლა გავიცანით" - უკრაინაში დაღუპული 25 წლის ირაკლი ქურციკიძე რუსთავში გადაასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე მშობლიურ სახლში, რუსთავში გადაასვენეს.
ის უკრაინაში ომის პირველივე თვეებიდან იბრძოდა, ის პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე და გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო. ქურციკიძე უკრაინაში მონაწილეობას იღებდა მნიშვნელოვან და სარისკო სპეცოპერაციებში. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან ოჯახს განზრახ უმალავდა ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს.
"ყველაფერი ბოლოს გავიგეთ ეხლა ჩვენ, რასაც აკეთებდა და ოპერაციებში რომ იღებდა მონაწილეობას. საკმაოდ მშვიდობიანი გარემოდან გვირეკავდა ხოლმე და გვიკავშირდებოდა, რომ მშვიდობაა, კარგად ვართ, როგორც ხდება ხოლმე. ცუდს ყველაფერს გვიმალავდა და არ ამბობდა. ერთი თვე იყო ჩამოსული და საკმაოდ კარგი განწყობით იყო, საკმაოდ მხიარულად იყო. არაფერი შეგვიმჩნევია ისეთი, რომ ან სადმე აფეუთქდა, ან რამე ისეთ ამბებში იღებდა მონაწილეობას, ჩვეულებრივად, ძალიან დიდი სიყვარულით როგორც მას სჩვევია ჰქონდა, ისე გაატარა ის ერთი თვე აქვს. არც ვიცნობდით ირაკლის, თურმე რა ბიჭი ყოფილა, ახალა გავიცანით და ახლა გავიგეთ მისი შესაძლებლობები", - თქვა სიძემ, ირაკლი ბერაძემ.
უკრაინაში მებრძოლი ლაშა შერგელაშვილი ამბობს, რომ უკრაინელები აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, რათა ქართველი მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგონ.
შაბათს ირაკლი ქურციკიძეს რუსთავის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ და მოგვიანებით სამხედრო პატივით დაკრძალავენ.