ყოფილი ცოლი მძიმედ დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა - სისხლიანი ანგარიშსწორება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
10-დე გასროლის ხმა სოფელ თულანში, ადგილობრივებმა გვიან ღამით გაიგეს. ხმაურზე გარეთ გასულებს, შემთხვევის ადგილზე 36 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალი კი ფეხში დაჭრილი დახვდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, იაგუბ ხეირ ხაბაროვი ჯაფაროვების სახლთან მივიდა, ეზოში შესვლა მოახერხა და ცეცხლი გახსნა. ტყვია ჯერ მის ყოფილ მეუღლეს, ნაილა დუნიამალიევას მოხვდა, შემდეგ კი ცეცხლნასროლი, სასიკვდილო ჭრილობები მის ქმარს, იაშირ ჯაფაროვს მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მამაკაცი მიიმალა.
სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მუქარა უძღოდა. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც ნაილა დუნიამალიევა ჯაფაროვების ოჯახში საცხოვრებლად გადავიდა, ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუდმივად განიცდიდა. "კურიერის" ინფორმაციით, მუქარის ბრალდებით, იაგუბ ხეირ ხაბაროვი ნასამართლევიცაა და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.
დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. იაგუბ ხეირ ხაბაროვის დასაკავებლად. ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ძებნის პარალელურად, სამართალდამცველები გამოკითხავენ იმ პირებს, ვისაც დანაშაულის მოტივზე ან მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია აქვთ.
"კურიერი" ძებნილ ხეირ ხაბაროვის სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა კარი არავინ გააღო. მეზობლების თქმით, ოჯახი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ არავის უნახავს.
დაჭრილი 35 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნაილა დუნიამალიევას დაჭრისა და 36 წლის იაშირ ჯაფაროვას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
წყარო: „რუსთავი2“