რატომ დაარბია მარიტა გუტაშვილმა ონის მერიის საკონფერენციო დარბაზი?
მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტის ნაწილს ონის მერი, სერგი ხიდეშელი საკუთარი ტელეფონით იღებდა. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. "მთის ამბების" ცნობით, მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა.
მარიტა გუტაშვილი მომხდარზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.
სამართალდამცავებმა უკვე გამოჰკითხეს მარიტა გუტაშვილი და ინციდენტის თვითმხილველები. „მთის ამბების“ არაერთი მიმართვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განმარტეს, რაში გამოიხატა მნიშვნელოვანი ზიანი, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ინციდენტი 7 დეკემბერს მოხდა. მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა. მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინვენტარის დაზიანების დროს მარიტა გუტაშვილი ავად გახდა. მას პირველადი დახმარება ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებმა გაუწიეს.