სატვირთო გემები წითელ ზღვაში გავლას კვლავ ვერ ახერხებენ
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დანიური გადამზიდი კომპანია Maersk-ი, რომელიც საქართველოშიც აქტიურად ოპერირებს, ამ დრომდე ვერ ახერხებს წითელი ზღვის და ადენის ყურის გავლით ტვირთის გადატანას. 24 დეკემბერს, მათ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წითელ ზღვაში, აშშ-ის სამხედრო ხომალდების განლაგების შემდეგ, გადაადგილება უსაფრთხო იქნებოდა, მაგრამ 4 იანვრის ინფორმაციით, მათ ისევ მოუწევთ, რომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, აფრიკას შემოუარონ.
ხუთიდან ოთხმა საკონტეინერო გემმა, რომლებიც წლის დასაწყისადმე წითელ ზღვაში იყვნენ ჩარჩენილები, უკვე დაიწყეს აფრიკის შემოვლა და უსაფრთხო წყლებში ცურვა, რათა თავდასხმის რისკი ბოლომდე აიცილონ თავიდან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 19 დეკემბერს წამოიწყო მრავალეროვნული ოპერაცია წითელ ზღვაში სატვირთო გემების დასაცავად, მაგრამ ამის მიუხედავად, თავის დაზღვევის მიზნით, მრავალი გადამზიდი კომპანია აფრიკის შემოვლით გზას ირჩევს.
Maersk Genoa, Maersk Londrina, Ebba Maersk და Gjertrud Maersk - ის საკონტეინერო გემებია, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში იყვნენ გაჭედილნი საუდის არაბეთის პორტიდან სამხრეთით.
Reuters-ის ინფორმაციით, გემების მარშრუტის ამგვარი დაგრძელება, რა თქმა უნდა, ავტომატურად იწვევს ტრანსპორტირების გაძვირებას. მაგალითად, Maersk-მა განაცხადა, რომ გასულ თვეში, ტრანზიტის შეფერხებისთვის მან დამატებითი გადასახადი დააწესა, რაც სტანდარტული 20-ფუტიანი კონტეინერის შემთხვევაში, 700 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი იმ ტვირთებს ეხება, რომლები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიცურავენ.
შეგახსენებთ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება გამოიწვია ისრაელის ჰამასთან ომმა. გლობალური ვაჭრობის შეფერხება კი საქართველოზეც აისახა. ჩინეთიდან გამოსული გემების საქართველომდე ჩამოსვლის დრო, 60-65 დღიდან 90-95 დღემდე გაიზარდა, რასაც ტრანსპორტირების გადასახადის 2.5-ჯერ გაძვირებაც კი მოჰყვა.
წყარო : bpn.ge