პოლონეთის მთავრობა ეწინააღმდეგება უკრაინისათვის ევროკავშირის სავაჭრო შეღავათების რეჟიმის გახანგრძლივებას
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჩესლავ სეკერსკიმ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება უკრაინასთან უბაჟო ვაჭრობის გაგრძელებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიუსელი ამჟამად მუშაობს რეგლამენტზე, რომლითაც უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია 2025 წლის ივნისამდე გახანგრძლივდება.
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებულმა ვაჭრობის სრულმა ლიბერალიზაციამ საპირისპირო ეფექტი გამოიწვია.
ჩესლავ სეკერსკიმ აღნიშნა, რომ ჭარბი იმპორტის პრობლემა ეხება არა მხოლოდ მარცვლეულს, არამედ "შაქარს, ფრინველის ხორცს, კვერცხს, რბილ ხილს ან ვაშლის კონცენტრატს".
პოლონელი მინისტრი მხარს უჭერდა შაქრის, ფრინველის ხორცისა და კვერცხის ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის წესებიდან ამოღებასა და უფრო ძლიერი გარანტიების შემოღებას.