თეგებით ძიება

I კვარტალში ბათუმში ბინების გაყიდვები 15%-ით გაიზარდა - TBC Capital

2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარი 2024-2025 წლებში სტაბილიზაციის ფაზაში გადავიდა.

TBC Capital-ის მიერ მომზადებული მიმოხილვაში მოცემულია უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები საქართველოს ზღვისპირეთში. 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში გაყიდვების წლიურმა ზრდამ 15%-ს მიაღწია, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, მოთხოვნის მაღალ დონეზე მიუთითებს. ჯამში პირველ კვარტალში ბათუმში 3880 ბინაა გაყიდული.

ბათუმში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კი წლიურად 8%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 433 დოლარი შეადგინა. ფასების მატება ნაწილობრივ პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდით არის განპირობებული. მსოფლიოს წამყვან საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბათუმი კვლავ გამოირჩევა ბევრად დაბალი ფასებითა და მაღალი ამონაგებით (7%), რაც TBC Capital-ის განცხადებით, ფასის ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს.

TBC Capital-ის ცნობითვე, ქობულეთში, სადაც მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, ფასების ზრდადი ტენდენცია მაინც ნარჩუნდება და 2026 წლის I კვარტალში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1 096 დოლარს გაუტოლდა. ჯამში პირველ კვარტალში ქობულეთში 139 ბინაა გაყიდული.

რაც შეეხება ფოთს, აქ გაყიდვები სტაბილურია, ხოლო ფასი 2023-2024 წლების მკვეთრი ნახტომის შემდეგ, 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. I კვარტალში ფოთში 144 ბინა გაიყიდა.

საინვესტიციო ბანკი ასევე მიმოიხილავს ტურიზმის სექტორის გავლენას მოთხოვნაზე. 2023-2025 წლებში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 14%-ით გაიზარდა და 2025 წლისთვის 4.69 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ისრაელმა და ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდი ბრიტანეთმა შეიტანა. ვიზიტორების მატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ახალმა ბაზრებმა (ჩინეთი, ინდოეთი, კორეა და სხვ.) და პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებამ. TBC Capital-ის ინფორმაციით, 2023-2025 წლებში აჭარა და გურიას წლიურად საშუალოდ 2.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც მთელი ნაკადის 40%-ზე მეტს შეადგენს.

TBC Capital-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე შემდეგი მაჩვენებლებია მოსალოდნელი:

  • გაყიდვების რაოდენობა 7.1%-ით მოიმატებს;
  • ფასები საშუალოდ 5.6%-ით გაიზრდება;
  • ქირის კორექცია გაგრძელდება (+2.1%);
  • უძრავი ქონების საშუალო ამონაგები კი კვლავ 8%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა