საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს დაუკანონდა
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაკანონების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა.
„ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 000-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა ოჯახს ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.