რა ელით რესპუბლიკური საავადმყოფოში დასაქმებულებს? - რას ამბობს ზურაბ აზარაშვილი?
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გამო, მთავრობა თანამშრომლებს კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.
უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ. აზარაშვილის განცხადებით, საკითხზე სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.
მინისტრის თქმით, „სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება“.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებული თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მკაფიო და უპრეცედენტოა. დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში; დასაქმებას მინიმუმ იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას; ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი სადმე მუშაობას არ დაიწყებს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, ეს პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. ასევე, რამდენიმე თვის წინ თანამშრომლების ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს. იქ გვიდგანან გვერდით, ამიტომ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს საშვილიშვილო, ისტორიული საქმე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც შესთავაზებენ.