ნომოფობია, რომელიც ახალგაზრდა თაობებში სულ უფრო შესამჩნევი გახდა - საერთაშორისო კვლევების შედეგები
მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იტანჯება ნომოფობიით. ეს არის სმარტფონის გარეშე ყოფნის შიში დასამუხტი ბატარეის, ინტერნეტის არქონის ან სხვა მიზეზის გამო. ზოგიერთი ფსიქიატრი გაჯეტებთან ავადმყოფურ მიმაგრებას საერთაშორისო პრობლემასაც კი უწოდებს.
კვლევამ აჩვენა, რომ სმარტფონის მიმართ ლტოლვა და არსებული კონტენტით საზრდოობა გამოწვეულია არა იმდენად მოწყობილობის ან მისი შინაარსის სიყვარულით, არამედ რეალურ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური კონტაქტის და ემოციური რეაქციების ნაკლებობით.
no mobile phone phobia
ტერმინი „ნომოფობია“ (nomophobia) არის შემოკლება გამოთქმისა: no mobile phone phobia. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ოფიციალურ ნომენკლატურას ფსიქიკური აშლილობებისა და დაავადებების შესახებ (Diagnostic Manual of Mental Disorders) ჯერ არ აქვს ასეთი ტერმინი, ის უკვე შეიცავს მის აღწერილ მახასიათებლებს.
ტერმინი „ნომოფობია“ ჯერ კიდევ 2008 წელს გაჩნდა. ის გამოიყენეს გაერთიანებული სამეფოს საფოსტო სამსახურის მიერ YouGov-ის გამოკითხვაში. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ფენომენის ფესვები კიდევ უფრო ღრმაა - 1983 წელს ფსიქოლოგიაში გამოჩნდა ტერმინი "ტექნოფობია", ანუ ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შიში სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის ფონზე.
ექსპერტები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ადამიანები გაჯეტების ტყვეები გახდნენ, ნომოფობია კი მსოფლიო ფენომენად იქცა. გასულ წელს გამოქვეყნდა კანადისა და ბაჰრეინის მეცნიერების მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევა: ათ ქვეყანაში გამოკითხულმა ზრდასრულთა 71%-მა აღნიშნა, რომ ზომიერი ნომოფობიის ნიშნები აქვთ, ხოლო 21%-ს მძიმე ნომოფობიის. კვლევაში 12,5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ნომოფობიისადმი ყველაზე მგრძნობიარენი იყვნენ სტუდენტები და თინეიჯერები.
ხარ თუ არა ნომოფობი ?
აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს თვითდიაგნოსტიკის ტექნიკა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ნომოფობიის ხარისხი. 20-მდე შეკითხვაზე პასუხის გაცემით ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ დაადგინოს, რამდენად ეშინია მობილური მოწყობილობის გარეშე დარჩენის თუნდაც მცირე ხნით, არამედ გაარკვიოს, თუ რა სჭირდება მას სმარტფონის მუდმივი გამოყენებისგან.
კითხვებს შორისაა:
ვღიზიანდები თუ არა იმ შემთხვევაში, თუ ჩემი სმარტფონიდან ვერ ვიღებ ინფორმაციას, როდესაც ეს მინდა?
რამდენად მეშინია, რომ ჩემი სმარტფონის ბატარეა დასამუხტი გახდება?
თუ ჩემი სმარტფონი დაკარგავს ფიჭურ/მონაცემთა/Wi-Fi სიგნალს, მყისიერად ვცდილობ ხელახლა დაკავშირებას?
მეშინია სმარტფონის დაკარგვის? და ა.შ.
მეცნიერები თვლიან, რომ ყველა კითხვაზე გულწრფელი პასუხის გაცემით ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს, არის თუ არა ნომოფობი.
მეცნიერების დასკვნით, გაჯეტებზე მიჯაჭულობის ერთ-ერთი მიზეზი მუდმივად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებაა, რადგან, სხვადასხვა კონტენტის ყურებისას, გამუდმებით რჩება გრძნობა, რომ რაღაც ბოლომდე ვერ მიიღეთ და სიცარიელის შესავსებად ისევ სმატრფონებს უნდა მიმართოთ.
წყარო : bpn.ge