რომელი ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება? - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: პირველადი ღია
კუთხიანი გლაუკომა
სხვა გლაუკომა
ბადურას სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები
ბადურას გახლეჩები ჩამოცლის გარეშე
პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა
ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა
ბადურას ჩამოცლა ბადურას გახევით
ტრავმული კატარაქტა
ბადურას ფრაქციული ჩამოცლა
სხვა ბადურას ჩამოცლა
მინისებრი სხეული პროლაფსი
რქოვანას წყლული
ბადურას სისხლჩაქცევები
ჩირქოვანი ენდოფთალმიტი
ეჭვი გლაუკომაზე
პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა
საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტებიც.
რაც შეეხება კატარაქტას, უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.
ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას“, - აცხადებენ სამინისტროში.