რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მათი მთავარი მოთხოვნა საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა.
სამედიცინო პერსონალის ნაწილი დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ექიმებს დასაქმებას სთავაზობს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, თანამშრომლები ტოლფას პოზიციაზე იმავე ანაზღაურებით უნდა დასაქმდნენ, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰქონდათ.
"ვითხოვთ რეორგანიზაციის შეჩერებას, რომ დავუბრუნდეთ სამუშაო მაგიდას და მივიღოთ გადაწყვეტილება - როგორ ვიქცევით შემდგომში. უნდა დავსაქმდეთ ტოლფას პოზიციაზე და იგივე ანაზღაურებით, რომელიც მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მქონდა. ეს ხდება იმიტომ, რომ რესპუბლიკურის თანამშრომელს, შეიძლება, უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე იმ კლინიკის თანამშრომელს", - განაცხადა ნინო ოთარაშვილი.