თეგებით ძიება
30. 01. 2024 კულტურა

დამოკიდებულება გტკენს გულს, მხატვრებს რომ ასე მოექცევი... ამ ხალხს ერთხელ არ უნდა მიეცეს ეროვნულ გალერეაში თითო ნამუშევრის გამოფენის საშუალება?! - გურამ ცერცვაძე

ქართველი მხატვრები დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდებარე ეროვნულ გალერეაში ჯგუფური გამოფენების მოწყობას და კანონით გათვალისწინებული შეღავათების აღდგენას ითხოვენ. ვინ და რატომ შეუზღუდა მხატვრებს გალერეაში ჯგუფური გამოფენების მოწყობა? ამ თემაზე TEA.GE-ს საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, მხატვარი გურამ ცერცვაძე ესაუბრა:

- ჩვენი შემოქმედებითი კავშირი ასწლოვანი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, მაგრამ სამწუხაროდ, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არ ხდება შემოქმედებითი პროცესის მხარდაჭერა, რომელსაც კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ ითვალისწინებს. დავიწყებ იმით, რომ ჯგუფური გამოფენებისთვის დაიხურა ეროვნული გალერეა, რომელშიც წლების განმავლობაში ბრწყინვალე საგაზაფულო და საშემოდგომო გამოფენები ტარდებოდა და უამრავი მნახველი ჰყავდა. რუსთაველის პროსპექტზე ასეთი გამოფენების დროს ზეიმი იყო ხოლმე. გამოფენების ორგანიზებას ეროვნულ გალერეასთან ერთად საქართველოს მხატვართა კავშირი აწყობდა - შესაბამისი კომისია გამოფენისთვის ნახატებს არჩევდა. მხატვრებს მოტივაცია ჰქონდათ და გამოფენისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ეს დასრულდა და აღდგენაზე არავინ ფიქრობს. ბუნებრივია, მხატვრის ნამუშევარი თუ არ იფინება და საზოგადოება ვერ ხედავს, მოტივაცია იკლებს, ამიტომ გვინდა, რომ ეროვნულმა გალერეამ ძველი, შესანიშნავი ტრადიცია აღადგინოს და საგამოფენო სივრცე ჯგუფურ გამოფენებს დაუთმოს. აქ შევა, როგორც საქართველოს მხატვართა კავშირი, ისე ბევრი პატარ-პატარა გაერთიანება და შემოქმედებითი ჯგუფი. რა თქმა უნდა, რეგიონებსაც ჩავრთავთ, სადაც ბევრი არაჩვეულებრივი მხატვარი მოღვაწეობს.

- ეროვნულ გალერეაშიც და სხვაგანაც ბევრი საინტერესო გამოფენა იმართება და მხატვრებს საშუალება აქვთ, რომ საკუთარი ნამუშევრები მნახველის წინაშე წარმოადგინონ... 

- ეროვნულ გალერეაში ძალიან კარგი გამოფენები ეწყობა, მაგრამ პერსონალური გამოფენების სახით, ჩვენ კი ჯგუფური გამოფენების მოწყობა გვინდა. ჩვენც სისტემატიურად ვაწყობთ გამოფენებს და რამდენიმე დღის წინ, გალერეა „ოპიზარში“ მალხაზ სულაბერიძის და  კახაბერ ხარიტონაშვილის გამოფენა გაიმართა, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავდა, მაგრამ ეს მთელი შემოქმედებითი პროცესის სათანადოდ წარმართვას ვერ უზრუნველყოფს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელსაც ათასობით მხატვარი მხარს უჭერს. ხაზგასმით ვამბობ, რომ ტრადიცია უნდა აღდგეს  და საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენები დაბრუნდეს, რომელიც ათეულობით წლის განმავლობში იმართებოდა. ამ გამოფენებზე იფინებოდა ბრწყინვალე მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც ქართული ხელოვნების განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს. 

- თუ გალერეაში ინდივიდუალური გამოფენები ეწყობა, ჯგუფური გამოფენების მოწყობას ხელს რა უშლის?  

- რა უშლის და პიროვნული ინტერესები და ხალხი, რომელიც იქ არის დანიშნული. ჩვენ ეს საკითხი არაერთხელ დავსვით, მაგრამ სამწუხაროდ, დადებითად არ გადაწყდა. კი ბატონო, ახალგაზრდები არიან, თავიანთი ხედვა და  შეხედულებები აქვთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს საკუთარი ხედვები და შეხედულებები? ჯგუფური გამოფენების ჩატარებას ყველა მხატვარი ითხოვს და ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ჩვენთან არიან ცნობილი მხატვრები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ხელოვნების განვითარებაში, როგორ, ამ ხალხს ერთხელ არ უნდა მიეცეს ეროვნულ გალერეაში თითო ნამუშევრის გამოფენის საშუალება? 

- როგორ ფიქრობთ, ეროვნული გალერეა თქვენს შეთავაზებას დათანხმდება?  

- პირდაპირ გეუბნებით, რომ არ დათანხმდებიან. ასეთი ხედვა აქვს ზოგ პიროვნებას და რა ვქნათ? იმის ნაცვლად, რომ აქეთ გვთავაზობდნენ, ჩვენს შეთავაზებას უარყოფენ. რას ვითხოვთ ისეთს? რას ვთხოვთ? საქართველოს მხატვართა კავშირის ხელმძღვანელობას ასობით მხატვარი ირჩევს. ასე, რომ ვერც მომხსნიან და ვერც დამნიშნავენ. არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ვეკუთვნი, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და არც პოლიტიკა მაინტერესებს. მე მხოლოდ ჩემი ამომრჩეველის, ასობით ცნობილი მხატვრის აზრს ვახმოვანებ. 

მხატვარი და შემოქმედი ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება წლების წინ დაიწყო, როდესაც მწერალთა და მხატვართა კავშირს დიდძალი ქონება წაართვეს და ამხელა წარსულის მქონე შემოქმედებით ორგანიზაციებს უდიდესი ტკივილი მიაყენეს. რუსთაველზე, მხატვრის სახლში 6 მილიონი მანეთის ღირებულების ნამუშევრები დაიწვა და მხატვრებს 5 თეთრის კომპენსაცია არ მიუღიათ. იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ზარალი დაითვალა, ზაქარია ქუცნაშვილი იყო. სწორედ ამ კომისიამ  განაცხადა, რომ საქართველოს მხატვართა კავშირი 6 მილიონი იმდროინდელი მანეთით დაზარალდა. ამის გარდა, ტერიტორიაც წაგვართვეს. უზენაეს სასამართლოში მოვიგეთ პროცესი, რომელმაც აღიარა, რომ მთავრობის სახლის წინ მდებარე ტერიტორია ჩვენია, მაგრამ დღეს იმ ადგილზე გია ჯოხთაბერიძის სასახლეა წამოჭიმული. შედით და ნახეთ იქ რა ფასებია და რომელი მხატვარი შეძლებს, რომ იქ გამოფენა მოაწყოს. ამდენი წართმეული და განადგურებული ქონების შემდეგ ის მაინც არ გვეკუთვნოდა, რომ კომპენსაციის სახით, წელიწადში ერთხელ მაინც ჯგუფური გამოფენა მოგვეწყო? ჯოხთაბერიძისთვის მიცემის ნაცვლად, სახელმწიფოს შეეძლო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აეშენებინა, მაგრამ დღეს ხომ ყველაფერი ფული და ბიზნესია. ქართველ მხატვრებს რუსთაველის პროსპექტზე შესანიშნავი სამხატვრო სალონი წაართვეს და დღეს იქ „რონიკოს“ სათვალეების მაღაზიაა. თავიდან მხატვრებს დაპირდნენ  სხვაგან მოგცემთო, მაგრამ მოატყუეს. 

- გამოდის, რომ მხატვრების პრობლემა არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლების დროს დაწყებულა...  

- რასაკვირველია. ჩავხედოთ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, სადაც უამრავი მკვდარი მუხლია. წინა ხელისუფლების დროს სრულიად  უაზროდ და ძალიან ბარბაროსულად გაუქმებული მუხლების ამოქმედების მოთხოვნით პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. იქ  წერია, რომ სახელმწიფო შემოქმედებითი კავშირების საქმიანობაზე გარკვეულ შეღავათებს აწესებს. სად ჩანს ეს შეღავათები? ქართველი მხატვრები ეროვნულ გალერეაში მოწმობებით უფასოდ ან შეღავათანი ფასით შედიოდნენ, ახლა ნახეთ ერთი რა ფასებია. გადახდაზე არაა საქმე, დამოკიდებულება გტკენს გულს, მხატვრებს და შემოქმედ ადამიანებს რომ ასე მოექცევი, თორემ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. მხატვრების ახალი, ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. ჩვენი წევრის - ბრუნო ვეფხვაძის და თეკლა მელაძის ნამუშევრები სოტბის აუქციონზე გაიყიდა. უნახავთ მათი შემოქმედება? იციან როგორ ვითრდება? უფიქრიათ, რომ ძველი და ახალი მხატვრები ერთად გამოფინონ? რა თქმა უნდა, არა. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება ძალიან სამწუხარო და გულსატკენია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა