რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სარჩელი შევიდა. ექიმები შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და მის ბათილად ცნობას ითხოვენ. მედიკოსების თქმით, დემონტაჟის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მიიღო.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შენობა ავარიულია, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს. ჯანდაცვა იქ მომუშავე პერსონალს ქვეყნის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილებასა და კომპენსაციებს სთავაზობს. ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ახალი შენობა დაპირების მიუხედავად აღარ აშენდება და ხელისუფლებას მხოლოდ ტერიტორიის ინტერესი აქვს. ისინი ამბობენ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეკონსტრუქცია სჭირდება. მედიკოსებმა გასული რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებიც გამართეს.