"შუშანიკის" წამება მე-5 საუკუნეში დაწერილი ისეთი შედევრია, მსგავსი მაღალმხატვრული ნაწარმოები დედამიწაზე არ არსებობს..." - დათო ტურაშვილი
მწერალი დათო ტურაშვილი გადაცემაში "მე-17 სართული" საუბრობს, როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში რთული ნაწარმოებები:
- არ შეიძლება, პატარა ასაკიდანვე ადამიანებს ისეთი რთული ტექსტი შევთავაზოთ, როგორიც "შუშანიკის წამებაა". მაგრამ, "შუშანიკის" წამება მე-5 საუკუნეში დაწერილი ისეთი შედევრია, რომ მსგავსი მაღალმხატვრული ნაწარმოები დედამიწაზე არ არსებობს. რა გავაკეთოთ? რთული ტექსტი უნდა ვასწავლოთ მარტივად. "შუშანიკის წამება" კი არ უნდა ამოვიღოთ პროგრამიდან, პირიქით, უნდა დავტოვოთ, ავუხსნათ, პედაგოგიკა შევცვალოთ. კი არ უნდა დავაზეპირებინოთ, მარტივად ავუხსნათ. უნდა მივხვდეთ, რომ ყველაზე მთავარი პასუხისმგებელი ამ ქვეყნის მომავალზე მასწავლებელია. მასწავლებლობა უნდა იყოს ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე მაღალანაზღაურებადი, რომ ამ სფეროში შემთხვევითი ადამიანი არ მოხვდეს. ქართულის მასწავლებელი, რომელიც აზრზე არ არის, რა წერია "შუშანიკის წამებაში", მასწავლებელი არ უნდა იყოს. ზეპირად იციან და ბავშვებსაც აიძულებენ, დაიზეპირონ. იმ ბავშვებს ისე ეზიზღებათ ის, რასაც აზეპირებინებენ და არ ესმით, ტექსტს აღარასოდეს უბრუნდებიან. "ვეფხისტყაოსნის" არ იყოს...მწვერვალი გვაქვს, "ვეფხისტყაოსნის" ზემოთ აღარაფერია და სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ კითხულობენ, იმიტომ, რომ სკოლაში საზეპიროების ეშინიათ. ძალიან ბევრი მასწავლებელი ხშირად მოსწავლეებს მხოლოდ საზეპიროებს აძლევს და არ უყვება, იქ რა წერილია, არ ესაუბრება მარტივ ენაზე. ჩვენი პედაგოგიკა კარნახზე, წამებაზე, დასჯაზეა ორიენტირებული. ესპანეთში ვსწავლობდი და კარგი მაგალითი მაქვს. "დონ კიხოტი" "შუშანიკის წამებაზე" გაცილებით რთული ტექსტია. ამ ნაწარმოებს ესპანეთში ძალიან პატარა ასაკიდანვე ასწავლიან, მაგრამ თავს კი არ ახვევენ იმ ორიგინალ ტექსტს, რომელიც სერვანტესმა დაწერა. არამედ, ზღაპრად, ყველაზე მარტივ, ტკბილ და გემრიელ ამბად უყვებიან ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სკოლაში მივლენ. სკოლაში რომ მიდიან, ადაპტირებული, გამარტივებული ტექსტი ხვდებათ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავთ რთულ ტექსტებამდე. ბავშვს კი არ უნდა ეშინოდეს, ჩვენსავით, "ვეფხისტყაოსნის", ნაბიჯ-ნაბიჯ, ზღაპრულად უნდა უახლოვდებოდეს იმ ტექსტს, რომელსაც მერე დიდობაში კითხულობს. კი არ სძულთ და ეშინიათ, უყვართ. გვგონია, რომ "ვეფხისტყაოსანი" საშიშია, მასწავლებელი მოვა და სახაზავს ჩაგვარტყამს, საზეპიროები თუ არ ვიცით. არა, პირიქით, გენიალური ტექსტები გვაქვს, მაგრამ არასწორად ვსწავლობთ. ესპანეთში ეს ნაწარმოები ყველას აქვს წაკითხული, ყველა გიჟდება. კი არ სძულთ, არამედ ყველა ამბობს, რა მაგარი ზღაპარია სიკეთეზე, რა მაგარია ზღაპარი ადამიანზე, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძვის. ამ პრაგმატულ, დიდ ფულზე დამოკიდებულ, მიწიერ სამყაროში არსებობს პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც ყველაფერს სულ სხვაგვარად უყურებს. პატარა ბავშვებს ამას ასწავლიან.