ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება
ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება - ამ მიმართულებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.
მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
ამავე პროექტით, თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება - გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორებით ქმედებაზე განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - 6000 ლარიანი ჯარიმითა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
"თვითნაკეთი, კუსტარულად დამზადებული ელექტროშოკის აპარატი გამოიყენება უკანონო თევზჭერისთვის და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის, მათ შორის ფიქსირდება აღნიშნული თვითნაკეთი მოწყობილობის გამოყენება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რასაც ახლავს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც.
გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე ფიქსირდება თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნული არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.