რატომ მწვავდება ქრონიკული დაავადებები გაზაფხულზე და როგორ დავიცვათ თავი?
ამქვეყნად უამრავი დაავადება არსებობს: მწვავე და ქრონიკული, მუდმივად პროგრესირებადი დატალღისმაგვარი, მორეციდივე და სეზონური...
ზოგიერთი ჯანმრთელობის მსუბუქ დარღვევას იწვევს, ზოგიერთი - მძიმეს, სიცოცხლისთვის სახიფათოს. დიდი ხანია შემჩნეულია, რომ შემოდგომასა და გაზაფხულზე თითქმის ყველა დაავადება მწვავდება. ბევრმა ეს საკუთარი გამოცდილებით იცის. ამ პერიოდში ავადმყოფობის ისტორიებში მრავლდება ჩანაწერები ქრონიკული დაავადებების, მათ შორის - კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გამწვავების, ასევე - სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების შესახებ. განსაკუთრებით იტანჯებიან არცთუ ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანები.
რატომ მწვავდება ქრონიკული დაავადებები გაზაფხულზე? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ხანგრძლივი ზამთრის გამო ორგანიზმის რესურსები განლეულია, გარდამავალი პერიოდისთვის ბუნების ნაბოძები საჩუქრები ენერგეტიკულ ღირებულებას კარგავს;
ზამთარში ნაკლებ ხანს ვატარებთ სუფთა ჰაერზე;
ძლიერდება მზის რადიაცია;
ატმოსფერული წნევა მერყეობს;ორგანიზმი იოლად გადაცივდება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ან მერყეობის დროს;
ამას ერთვის საგაზაფხულო ავიტამინოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დაბოლოს, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით გამოწვეული სტრესი.
ქრონიკული დაავადებების გამწვავების ადრეულ, ანუ დროულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, როდესაც დროულად იწყება. ამიტომ ადამიანები უნდა იცნობდნენ ქრონიკული დაავადებების გამწვავების ნიშნებს. წყლულოვანი დაავადება, სავარაუდოდ, ყველაზე გავრცელებული სეზონური უსიამოვნებაა. რა უშუალო მიზეზით მწვავდება წყლულოვანი დაავადება გაზაფხულზე, ექიმებს ჯერჯერობით ვერ დაუდგენიათ, თუმცა ფაქტია, რომ წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის ცხოვრების ზამთრის სტილიდან გამოსვლა დიდი უსიამოვნებების მომტანია. ალბათ იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში ადამიანთა უმრავლესობა არასწორად იკვებება, ხოლო გაზაფხულის დადგომისას ცდილობს, შედარებით მსუბუქ პროდუქტებზე გადაერთოს. ორგანიზმი მაშინვე იწყებს წინააღმდეგობის გაწევას. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც. ექიმებმა კარგად იციან, რომ გაზაფხულის დამდეგს, პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში, ადამიანები საკმაოდ თავშეუკავებლად იქცევიან - ადვილად ფეთქდებიან, უყვირიან ახლობლებს, ნერვიულად რეაგირებენ შენიშვნაზე და სხვა. მუდმივი სტრესი არცთუ იშვიათად დაავადების გამწვავების მიზეზად იქცევა. მხოლოდ სიმშვიდით შეიძლება ახალი შეტევის თავიდან აცილება, თუმცა არც დიეტა უნდა დაივიწყოთ. სახიფათო პერიოდში, უმჯობესია, რაციონიდან ამოიღოთ მწვავე, მჟავე, ასევე - ყავა, ახალგამომცხვარი პური, შაშხი და ცხიმიანი ხორცის ბულიონი, აღარაფერს ვამბობთ თამბაქოსა და ალკოჰოლზე.
ფეხები თბილად გქონდეთ
გაზაფხულის დამდეგს ექიმები აღნიშნავენ ცისტიტისა და პიელონეფრიტის გამო ჩივილების მკვეთრ გახშირებას. ამ დაავადებების სეზონური გამწვავების პირველი მიზეზი ორგანიზმის გადაცივებაა. ეს იმიტომ, რომ მრავალი ქალბატონი, რომლებმაც ეს-ესაა იგრძნეს გაზაფხულის მოსვლა, დემისეზონურ ფეხსაცმელსა და თხელ სამოსზე გადასვლას ჩქარობს და ამის მოსალოდნელ შედეგს არ უფიქრდება. ამგვარი პრობლემების პროვოცირება შეუძლია ინფექციებსაც და, თუ საუბარია ცისტიტზე, პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობასაც. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ცისტიტი, თუ მას დროულად არ ვუმკურნალეთ და ნებაზე მივუშვით, შესაძლოა ქრონიკულად იქცეს. ამიტომ დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, კერძოდ, გახშირებული და მტკივნეული შარდვისას და მუცლის ჭრისას, რეკომენდებულია სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს. შარდის ბუშტის “დამპყრობელ” ბაქტერიებს თირკმელებში შეჭრის ძალაც შესწევთ, ამიტომ, შედეგების სერიოზულობის გათვალისწინებით, ამ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია. უფრო მეტიც - საშარდე სისტემის დაავადებებს უბნის თერაპევტი კი არ უნდა მკურნალობდეს, არამედ ექიმი უროლოგი, ხოლო თერაპია უნდა მოიცავდეს თანამედროვე ანტიბიოტიკს, პრეპარატს, რომელიც ააქტიურებს შარდის ბუშტის კედლის სისხლმომარაგებას და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.
მუდამ ასე ცვალებადი
ექიმები ამტკიცებენ, რომ გაზაფხულის დამდეგს გაციების ან გრიპის შეყრის რისკი, გავრცელებული რწმენის საპირისპიროდ, კი არ მცირდება, არამედ პირიქით, იმატებს კიდეც. ცვალებადი და ნესტიანი ამინდი, დასუსტებული იმუნიტეტი და თუნდაც ხანმოკლე კონტაქტი დაავადებულთან - ეს ყველაფერი ინფექციური და სასუნთქი გზების დაავადებების განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. სეზონური გაციება ყველა ადამიანს ემუქრება, ამიტომ არ ღირს პროფილაქტიკის მარტივ წესებზე უარის თქმა. სწორი კვება, ხალხური ანტივირუსული საშუალებები და ვიტამინების სრულფასოვანი დოზები ვირუსებზე გამარჯვებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. დაიცავით პირადი ჰიგიენაც: შინ დაბრუნებისას დაიბანეთ ხელები, გულდასმით დაასუფთავეთ და გაანიავეთ ოთახები.
როცა სუნთქვა გიჭირთ
სეზონურად მწვავდება ჰაიმორიტიც. ეს მეტად არასასიამოვნო დაავადება ცხვირში ბანალური სისველის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს. ამ დროს გაჭედილ ცხვირს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი ემატება. ჩვეულებრივი საშუალებები აქ უკვე ვეღარ დაგეხმარებათ. სინუსიტები, რომელთა რიცხვს ჰაიმორიტიც მიეკუთვნება, კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს. უპირველესად, აუცილებელია რენტგენოგრაფია, ზოგჯერ კი საჭირო ხდება აღებული მასალის დათესვაც, რაც ანთების გამომწვევი ბაქტერიის გამოვლენის საშუალებას იძლევა. შედეგების გათვალისწინებით, ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. ჩხვლეტა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა ჩირქისგან წიაღების გამოსარეცხად, სადღეისოდ უეფექტოდ არის მიჩნეული, ამიტომ, სანამ მსგავს პროცედურაზე დათანხმდებით, ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არსებობს გამორეცხვის უფრო დამზოგველი საშუალებები.
სახის შენარჩუნება
დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავება გაზაფხულის კიდევ ერთი ნიშანია. ეს იმის ბრალია, რომ ზამთრის განმავლობაში იმუნიტეტი სუსტდება და ორგანიზმი უმწეო ხდება ქრონიკული დაავადებების წინაშე. გაზაფხულის დადგომისთანავე აკნე უვითარდებათ არა მარტო მოზარდებს, არამედ 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალებსაც. საქმე ის არის, რომ გარკვეული, წესისამებრ - სებორეული ხასიათის, ფაქტორების ზემოქმედებით ცხიმის წარმომქმნელი ჯირკვლები თავიანთ ფუნქციებს ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ. ამასთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების, მუდმივი სტრესისა და დეპრესიის თანდართვასთან ერთად მდგომარეობა შესაძლოა უფრო მეტად გაუარესდეს. გარდა ამისა, მარტსა და აპრილში აქტიურდება თითქმის ყოველგვარი მიკროორგანიზმი, რომლებიც კანზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. უპირველესად, უნდა ვახსენოთ ტკიპა, რომელიც დემოდეკოზს იწვევს. ის სახლის მტვერსა და ბუმბულის ბალიშებში ცხოვრობს და საშიში არ არის, ვიდრე ორგანიზმის დამცავი ძალები თავიანთ ფუნქციას კარგად ასრულებენ. მათი დასუსტებისას კი აქტიურდება. ამ დროს კანზე წარმოიქმნება პატარა მუწუკები, ჩირქგროვები და ანთების უბნები, ხოლო ქუთუთოებზე - ბლეფაროკონიუნქტივიტი. ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ, მივიღოთ ვიტამინები, ხოლო თუ მომენტი ხელიდან გავუშვით და ავადმყოფობის ნიშნები გამოგვაჩნდა, დაუყოვნებლივ მივაშუროთ სპეციალისტს.
გარეგანი ფაქტორები
ამ გაზაფხულზე სტრესის ალბათობა დიდია, რადგან მსოფლიო კრიზისთან ერთად ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც თითოეულ ჩვენგანს ეხება და არასტაბილურობის განცდა და ხვალინდელი დღის შიში მოაქვს. საუბარია უმთავრესად იმ ადამიანებზე, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა აწევთ და რომლებიც პასუხს აგებენ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც, ვისთანაც მათ სამსახურებრივი თუ ოჯახური ურთიერთობა აკავშირებთ. რისკის ჯგუფებში არიან სოციალურად აქტიური ადამიანები და ისინი, ვინც ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. შედეგი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. ისუნთქეთ ღრმად და გაუფრთხილდით გულს.
როგორ დავიცვათ თავი?
არსებობს რამდენიმე გზა, რომ სეზონური გარდამავალი პერიოდი სხეულისა და სულისთვის ნაკლები ზიანით გადაილახოს:
ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს, სახსრებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.
ზაფხულში დრო უქმად არ დაკარგოთ - მოიმარაგეთ ვიტამინები! მიირთვით ბევრი ხილი, იმოგზაურეთ, უქმად არ დაკარგოთ არც ერთი მზიანი დღე, რათა ამ დროს დაგროვილი ჯანმრთელობა შემოდგომაზე და ზამთარში გამოგადგეთ
.გაუფრთხილდით ნერვებს და ნუ დახარჯავთ ძვირფას ენერგიას არაფრის მომცემი ჩხუბის, კამათისა და მღელვარებისთვის.
გაზაფხულსა და შემოდგომაზე ორგანიზმს მეტი ყურადღება მიაქციეთ: მიაკითხეთ მასაჟისტს, ოსტეოპათს, კოსმეტოლოგს, ფსიქოლოგს... ყურადღება ასმაგად დაგიბრუნდებათ უკან.
გარშემო მყოფებს ყურადღებით და პატივისცემით მოეპყარით, გაუფრთხილდით საკუთარ და თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების გრძნობებს
გარდამავალ პერიოდში დაეხმარეთ ორგანიზმს: მიიღეთ პოლივიტამინები, მისდიეთ სპორტს, ცხოვრების ჯანსაღ წესს, იკვებეთ სწორად, არ დაივიწყოთ მეგობრები, არ მოიკლოთ დადებითი ემოციები და ყურადღება არ მიაქციოთ ნეგატიურს!
დაიცავით დღის რეჟიმი - ეს ძალებისა და კარგი გუნება-განწყობილების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ყურადღება მიაქციეთ ქრონიკული დაავადებების სეზონურ გამწვავებას, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს - ის გირჩევთ, რა გზით დაიბრუნოთ ჯანმრთელობა და კარგი განწყობა.
ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, თუნდაც არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების დროს - ეს ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს და მუდმივ ტონუსში გვამყოფებს.
ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, მოემზადოთ სეზონურ გარდამავალ პერიოდში გადასასვლელად, თავიდან აგაცილებთ გაზაფხულის (ან შემოდგომის) სევდა-ნაღველს და განწყობის არასტაბილურობას. თუ გარდამავალი პერიოდისთვის სწორად მოემზადებით, ის მოულოდნელად ვეღარ დაგატყდებათ თავს. მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს დრო ჩაივლის და გუნება-განწყობილებაც გამოგიკეთდებათ.
წყარო: მკურნალი.გე