თეგებით ძიება

"ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტაძარში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ინტერნეტსივრცეში დეზინფორმაცია ვრცელდება.

2022-2023 წლებში, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჩატარდა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები: მოიხსნა დროებითი თუნუქის საფარი, მთელ სახურავზე ლორფინი გაიწმინდა ლიქენებისა და მცენარეული საფარისაგან, ლორფინებს შორის არსებული ნაკერები ამოსუფთავდა და ამოიგოზა, ტაძრის სახურავზე დაიგო სპილენძის საფარი, რისთვისაც სრულად შეიფიცრა სახურავის დახრილი სიბრტყეები, შეფიცრულ სახურავზე დამაგრდა ხის ლილვები და ისინი დაიფარა მაღალი ხარისხის სპილენძის ფურცლებით (0,7 მმ), რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდა ექსპერტიზა. ასევე, აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები, ფასადზე მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის ფენა და ამოიგოზა ნაპრალები.

ლორფინის სახურავის გადაწყობა და ახლით ჩანაცვლება მოხდა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა მასშტაბური ჩარევა. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, სააგენტოს მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, იყო სპილენძის ფურცლებქვეშ ისტორიული ლორფინის გადახურვის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ - ძეგლის წყლის ინფილტრაციისგან დაცვა. სახურავი რომ დაზიანებული იყო და წყალს ატარებდა, დადასტურებული ფაქტია, რასაც ჩატარებული სამუშაოების დაკნინების მოსურნე პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვნებათმცოდნე „მეცნიერებიც“ ვერ უარყოფენ. ამიტომაც იყო საჭირო 2020 წელს ძეგლის დროებით თუნუქით გადახურვა. როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ეს სახურავი მოხსნილია და ძეგლი გადახურულია სპილენძის სახურავით, რაც ძეგლის დაცვის მრავალწლიანი გარანტიაა, ასე რომ, წყლის ჩადინების პრობლემა მოგვარებულია და ძეგლი დაცულია გარემო პირობების ზემოქმედებისაგან.

სამუშაოების პროცესში ტიმოთესუბანში ჩასულმა ერთმა "მეცნიერმა" განაცხადა, ეს მთავრობა რომ წავა, ტიმოთესუბანს სპილენძს მაშინვე მოვაძრობთ და ძეგლს ისევ ლორფინის ქვეშ დავტოვებთო. ამგვარი "შემფასებლების" მოსაზრებებს სააგენტო ვერც სერიოზულად მიიღებს და ვერც გაითვალისწინებს.

მცირე განმარტება პროფესიონალთათვის ლორფინების ე. წ. დახვრეტასთან დაკავშირებით: 50X60 მმ ხის წოლანები ლორფინზე დამაგრდა 8X80 მმ ანკერებით, შესაბამისად, ლორფინში ანკერის შეღწევის სიღრმეა 20-30 მმ. უნდა აღინიშნოს, რომ ლორფინის დაზიანებული ადგილები ზოგან რამდენჯერმე აღემატებოდა ანკერით გაკეთებულ "ჩაღრმავებას".

გარდა ამისა, მტკნარი სიცრუეა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი სამარცხვინო ცდა, რითაც ზოგიერთმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ხელოვნებათმცოდნემ თავი არაერთხელ გამოიჩინა. სააგენტო კვლავაც მოუწოდებს ასეთ პირებს, რომელთაც ძეგლების დაცვა-აღდგენის არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნიათ, მოერიდონ მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებულ შეფასებებსა და ამგვარი შეფასებების დადასტურებულ ფაქტებად გასაღების ფუჭ მცდელობას", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა