თეგებით ძიება
25. 02. 2024 მსოფლიო

საუბრის დასასრული - ირლანდიაში ბოლო სატელეფონო ჯიხურებს აუქმებენ

სატელეკომუნიკაციო კომპანია „ეირმა“ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო ტაქსოფონების გაუქმების პროცესი დაიწყო.

დარჩენილი 105 სატელეფონო ჯიხურიდან 11 ციფრულ ჯიხურად გადაკეთდება, დანარჩენ 94-ს კი უახლოეს თვეებში აიღებენ.

მოხმარების პიკზე, მთელს ირლანდიაში დაახლოებით 3 300 ტაქსოფონი ფუნქციონირებდა.

ბოლო წლებში გამოუსადეგარი სატელეფონო ჯიხურები საზოგადოებრივ ჯგუფებს გადაეცათ და დეფიბრილატორად, ტურისტულ სერვის-პუნქტად და რელიგიურ სალოცავადაც კი გადაკეთდა.

„ეირის“ განმარტებით, 76 სატელეფონო ჯიხური ელექტრომანქანების სწრაფი დამუხტვის პუნქტებად გადაკეთდა, 66-ის სამომავლო დანიშნულება კი ჯერ გასარკვევია.

60 ტაქსოფონი უკვე გადაკეთდა ციფრულ ჯიხურად, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება საინფორმაციო მომსახურებისთვის, კერძოდ კი რუქების განსათავსებლად იყენებს. ამ სერვისით სარგებლობენ როგორც ვიზიტორები, ისე ადგილობრი მოსახლეობა.

თითქმის 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ირლანდიის ქუჩებში პირველი სატელეფონო ჯიხურები გამოჩნდა. ტაქსოფონების ეპოქის დასასრულის პატივისცემის ნიშნად, „ეირმა“ განაახლა 100 წლის წინანდელი ჯიხური „K1“, რომელიც ირლანდიაში ტაქსოფონის ტიპის პირველ სატელეფონო სერვისს განასახიერებს.

ის არის ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში შვიდი ცნობილი ნიმუშიდან ერთ-ერთი, რომელიც ამ წლის ბოლოს საჯარო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

„საზოგადოებრივი ტაქსოფონი მრავალი თაობისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო. ამის პატივსაცემად, ჩვენ გულმოდგინედ გავუკეთეთ რესტავრაცია ერთ-ერთ ორიგინალურ სატელეფონო ჯიხურს და ვგეგმავთ კულტურული დაწესებულებისთვის მის გადაცემას, სადაც ის შეინახება, როგორც ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობისა და ყოფითი კულტურის განუყოფელი ნაწილი“, - აცხადებს კომპანია „ეირის“ აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ლომსი.

„თემებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით, ჩვენ გადავდგით მიზანმიმართული ნაბიჯები ამ მოძველებული ინფრასტრუქტურიდან თანამედროვე საჭიროებებზე გადასვლის უზრუნველსაყოფად“.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველანაირად ვცდილობდით, გვეპოვა საუკეთესო გამოსავალი ამ ჯიხურებისთვის ახალი ფუნქციის მისანიჭებლად. ამ საქმეში ჩავრთეთ ის ადამიანები, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ. მოხარულები ვართ, რომ 200-ზე მეტ ლოკაციაზე მოქალაქეებს ისევ ექნებათ მასთან კონტაქტი, ოღონდ, ამჯერად როგორც ახალ ციფრულ ჯიხურებთან ან ელექტრომობილების დამუხტვის წერტილებთან“, - დასძენს ლომსი.

სატელეფონო ჯიხურებისთვის უნივერსალური მომსახურების (USO) გაწევის ვალდებულება 2020 წელს გაუქმდა და ამის მიზეზი მათი გამოყენების მუდმივად შემცირება გახდა. „გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ვრცელი ანალიზის საფუძველზე, რომელმაც მოთხოვნის მუდმივი კლება აჩვენა“, - ამბობს „ოუფენ ეირ ნეთვორქსის“ მმართველი დირექტორი, უნა სტაფორდი.

„სატელეფონო ჯიხურების გაუქმება, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, სიმბოლური ნაბიჯია ციფრული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“.

„ირლანდიის ტელეკომუნიკაციების ისტორიის ამ თავის დახურვით და ამავე დროს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე ფოკუსირებით, ჩვენ ვშლით ახალ ფურცელს, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და გარემოს საჭიროებებს დააკმაყოფილებს“, - დასძენს ქალბატონი სტაფორდი.

წყარო: 1 TV.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა