რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში ექიმები შეიკრიბნენ, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადეს. ექიმების განცხადებით, ისინი პირველები იყვნენ, ვინც დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მათი წინადადება გაითვალისწინეს.
„პრემიერმა ძალიან გულისყურით მოისმინა, ჩაერთო, გადაამოწმა სხვადასხვა საკითხი. გამოსავლით ძალიან დაინტერესდა. მიხარია, რომ ასეთი პრემიერი გვყავს, რომელსაც შეუძლია ასე ყოველგვარი თანამდებობის შეფერების, ქედმაღლობის გარეშე გაესაუბროს თავის მოსახლეობას. მადლობას ვუხდით პრემიერს, მთლიანად მთავრობას. მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშა. მამუკა მდინარაძე ჩვენს ლობისტად გადაიქცა და დიდი მადლობა მას“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გოგუამ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეწყდა. ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა, მოკლე დროში წარადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც წელსვე ახალი შენობის მშენებლობის დაწყებას გულისხმობს.