თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმაზე 6-7-ჯერ მაღალია - UNICEF
თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - განცხადება ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ, განათლების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ.
მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა.
"დათვლილია საშუალო მონაცემი, მოსახლეობის თუ რა პროცენტია ნორმა, რომ თამაშდამოკიდებული იყოს. ეს პროცენტი მერყეობს 2-დან 2.5 %-მდე. ჩვენთან ეს მონაცემი ოფიციალური არ არის, მაგრამ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს, ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია და დიდ გადახვევას წარმოადგენს ნორმიდან. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 15% -ს მაინც წარმოადგენს მოსახლეობის, რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე ვთქვათ, ბრიტანეთში, ბრიტანეთში მოთამაშეთა მონაცემები 2-დან 2.5% - მდე მერყეობს და ნორმის ფარგლებშია." თქვა ბესელიამ.
მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, მოზარდების 10% ამბობს, რომ აზარტულ თამაშებს მშობლები უფინანსებენ:
"მოზარდების 10% ამბობს, რომ მათი მშობლები თვითონ აფინანსებენ მათ თამაშს, ოღონდ მიზანმიმართულად. დანარჩენების თამაშსაც მშობლები აფინანსებენ, მაგრამ იმათ არ იციან.
ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია ისაა, რომ თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე ვთქვათ, გავიდეს გარეთ და ითამაშოს ფეხბურთი, ან სხვა რამ. ურჩევნია თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს." აღნიშნა UNICEF-ის ექსპერტმა. [IPN]