სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას უნდა მოაყოლოს ქმედება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი - ხაბეიშვილი
ევროპარლამენტის რეზოლუციას ენმ-ში ეხმაურებიან. პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვიდან საქმეზე უნდა გადავიდეს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს:
"ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დადებითი პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, ის პარტია, პარტიები თუ კოალიციური მთავრობა, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე და არა მთელი ათწლეულების განმავლობაში დაკავდეს დაპირისპირებების გაღვივებით, დაკავდეს პოლიტიკური დევნით, ადამიანის უსამართლოდ ციხეში გამოკეტვით.
შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მარტივი მიზეზით - ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, რომ ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები და შესაბამისად, მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს და საქართველოს მოქალაქეს კარგად ესმის იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც შეთითხნილია რუსეთის აგენტის - ფარცხალაძის მიერ და განაჩენი გამოტანილია სანქცირებული მოსამართლეების მიერ, რომლებიც აშშ-მ დაასანქცირა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიტყვას მოაყოლოს ქმედება სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა მისი ხალხის კეთილდღეობისთვის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს და არა რუსმა ოლიგარქმა თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გატარებული საოკუპაციო ქმედებები, მხარდაჭერილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უკიდურესად ნეგატიურადაა შეფასებული კრემლის ახალი სამხედრო პროვოკაცია, რაც ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის მშენებლობით გამოიხატება. ანგარიშში ასევე შევიდა დეპუტატ ანა ფოტიგას ჩასწორება, კერძოდ ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას. ფოტიგას კიდევ ერთი ინიციატივა ოკუპირებულ რეგიონებს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას შეეხებოდა.