მთავრობამ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადაავადა
საქართველოში შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა. მთავრობის №41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში ახალი ნორმების მოქმედების შეჩერების ვადამ 2027 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია.
აღნიშნული გადავადება ეხება იმ ობიექტებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს. წინა რედაქციით, საგამონაკლისო ვადა 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე იყო დადგენილი.
რა რეგულაციების ამოქმედება გადავადდა 2027 წლის მარტამდე:
გადავადება ეხება იმ ნაწილს, რომლითაც სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელი გზებისა და მაღლივ შენობებზე სამაშველო მოედნების მოწყობის სტანდარტები დგინდება.
მისასვლელი გზების დაგეგმარება (ქვეთავი 915)
უფრო კონკრეტულად, ცვლილება ეხება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზების დაგეგმარებას. განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველივე სტადიიდანვე, სავალდებულო ხდება სპეციალური ტექნიკის გადაადგილებისა და მისასვლელი გზების წინასწარი გათვალისწინება. აღნიშნული მოთხოვნა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე არ ვრცელდება.
სამაშველო მოედნები მაღლივი შენობებისთვის (ქვეთავი 916)
რეგულაცია ითვალისწინებს მაღლივი შენობებიდან შვეულმფრენის მეშვეობით ადამიანთა ევაკუაციისთვის განკუთვნილი სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის დაგეგმარებას, აგებასა და გამოყენებას. კერძოდ, 75 მეტრზე მაღალი შენობების სახურავზე სავალდებულო ხდება, სულ მცირე, ერთი ასეთი მოედნის მოწყობა, რომელიც დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთანავე, დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედანი უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა პირობებს.