თეგებით ძიება

ველი, რომ სააკაშვილის შეწყალება არჩევნების პიკში მოხდება, როგორც წინა არჩევნების დროს უნდოდათ, რომ სახალხო მღელვარება შეექმნათ - თამარ ჩიბურდანიძე


პარტია „გირჩის” წევრებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირეს. „გირჩის“ ინფორმაციით, პროექტის თანაავტორები „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპელი სოციალისტები“, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე და ტარიელ ნაკაიძე არიან. კანონპროექტის მიხედვით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი 1/4-ით შემცირდება, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე - განახევრდება, ნარკოტიკულ და სამოხელეო დანაშაულზე განახევრდება, უვადო პატიმრობა კი 30-წლიან პატიმრობად გადაკვალიფიცირდება.

„გირჩის" ინიციატივას, რომელიც ციხიდან ამნისტიით 5 ათასამდე პატიმრის გამოშვებას გულისხმობს, ოპოზიციაში არაერთგვაროვნად ხვდებიან. პროექტს მხარს უჭერენ ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპელი სოციალისტები", ალეკო ელისაშვილი და ხატია დეკანოიძე, თუმცა „ლელო" და გახარიას პარტია წინააღმდეგ გამოდიან. უკავშირდება თუ არა „გირჩის“ ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან „შემოვლითი გზებით“ გამოყვანას და დაუჭერს თუ არა კანონპროექტს მხარს „ხალხის ძალა“? ამ კითხვებით TIA.GE-მ მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრს, ანალიტიკოს თამარ ჩიბურდანიძეს მიმართა. 

- „გირჩის“ კანონპროექტს ორი მიზანი აქვს: საარჩევნოდ ამომრჩევლის მოზიდვა, რომ 5%-იანი ბარიერის გადასალახად პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისგან ხმები მიიღონ  და მეორე, შეფარული მიზანი რა თქმა უნდა, სააკაშვილის გათავისუფლებაა. მართალია, სასამართლო პროცესი სამ საქმეზე მიმდინარეობს და თვითონვე აღიარებენ, რომ შესაძლოა, შეწყალება არ მოხერხდეს, მაგრამ მაინც არ გამორიცხავენ, რომ ამნისტია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის საუკეთესო გზაა.  

- საუკეთესო რატომ?

- იმიტომ, რომ მარტო სააკაშვილის შეწყალება და ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა არ მოხდება. პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების რომ არ ეშინოდეს, აქამდე შეიწყალებდა. მან სწორად აღნიშნა, რომ სააკაშვილის გამოშვება პოლარიზაციას გააღრმავებს და ხალხში მღელვარებას გამოიწვევს, რასაც შეიძლება სახალხო აჯანყება მოჰყვეს. რა თქმა უნდა, პოლარიზაციის გაღმავება არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას  აღელვებს. პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებას ყველანაირად ხელს უწყობენ, მაგრამ შიშობენ,  რომ ამით შედეგს ვერ მაღწევენ და პოლარიზაცია მათ იმიჯს დააანგრევს. საარჩევნოდ კი ამის დაშვება არ სურთ, რადგან თითოეულ ხმაზე ნადირობენ. ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში მოხდება სააკაშვილის შეწყალებისთვის გზის „გათეთრება“. ოპოზიციას უკვე ჰყავს თავისი მუდმივი ელექტორატი საარჩევნოდ და ამ ხმებს ერთმანეთში იყოფენ. ერთი მეორეს ართმევს, მეორე მესამეს, მაგრამ ყველა ოპოზიციური პარტია შემოკრებილია ნაცმოძრაობის ირგვლივ და სააკაშვილისთვის მუშაობს. 

- განცხადებები ნაცმოძრაობისგან გამიჯვნაზე სატყუარაა?

- ცხადია და ეს თითოეულ განცხადებაში იკითხება. ძალიან სურთ, რომ გაემიჯნონ, მაგრამ ვერ ემიჯნებიან, იმიტომ, რომ იდეა, იდეოლოგია, მიზნები და სახელმწიფოს მოწყობაზე შეხედულებები ერთი აქვთ. არ უნდათ გაიგივება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში ნაცმოძრაობა ნეგატიური ბრენდია და იმ ნეგატივის აკიდება არ სურთ, მაგრამ იგივე საქმეს აკეთებენ. ეს წინასაარჩევნო პოლიტიკური ტაქტიკა და სტრატეგიული სვლაა, რომ ნაცმოძრაობა დარჩეს ცალკე და „ლელო“, გახარია, გვარამია, მელია და სხვები ცალკე იქნებიან და უკვე პოლიტიკაში, მოხდება იდეოლოგიის და იდეის ირგვლივ გაერთანება. ნაცმოძრაობა ხომ მარტო პოლიტიკური პარტია კი არა, პოლიტიკური იდეა და სისხლიანი რეჟიმია, რომელმაც თავისი ნამდვილი სახე უკვე გვაჩვენა. მათ იდეას ფსევდოლიბერალიზმი ქვია, რომელმაც საქართველოს ეროვნული იდეოლოგია და ეროვნული ღირებულებები ლამის დაანგრია, ამ იდეას  საქართველოს სუვერენიტეტის სრული მოსპობა და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა და ჩუქება ქვია. ამ იდეას ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და  უცხოელებისთვის ჩუქება ქვია. ასე, რომ იდეა ერთი აქვთ და ამ იდეის ირგვლივ სხვადასხვა ფლანგიდან, მაგრამ ისევ ნაცმოძრაობის ირგვლივ ერთიანდებიან. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის მუშაობს, აქედან გამომდინარე, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ორ იდეას ემსახურება და ორი მიზანი აქვს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. მე პირადად ველი, რომ სააკაშვილის შეწყალება მოხდება  არჩევნების პიკში, როგორც წინა არჩევნების დროს უნდოდათ, რომ სახალხო მღელვარება შეექმნათ. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის გამოშვებამ შესაძლოა, სახელისუფლო ფრთის ამომრჩევლები და მხარდამჭერები კიდევ უფრო გააძლიეროს და არა მარტო ისინი.. არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობის ის 40%, რომელიც დღეს არ გვპასუხობს კითხვაზე მივა თუ არა არჩევნებზე და ვის მისცემს ხმას. მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიცაა, რომელიც დღეს არავის აძლევს ხმას, მაგრამ თუ ისევ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის დაბრუნების საფრთხე დაინახა, ისე გამოვა გარეთ, რომ არავის მოპატიჟება არ დასჭირდება და რა თქმა უნდა, ხელისუფლების სასარგებლოდ მისცემს ხმას. აი, ამის ეშინია ზურაბიშვილს და სხვებს იმიტომ რომ იციან, სააკაშვილის გამოშვება ოპოზიციური ფრთის გაძლიერების გარდა, ხელისუფლების ამომრჩევლებსაც გააძლიერებს. ვერ გაშიფრეს ის 40%, რომელიც დღეს ხმას არ იღებს და ამიტომ ეშინიათ, ამიტომ მუშაობს საზოგადოების ან მაწილზე დღეს ყველა პოლიტიკური პარტია.

- თავად  ამნისტიის კანონპროექტის მიმართ როგორ განწყობა გაქვთ? მხარს დაუჭერთ?

- პატიმრებს და ამნისტიას რაც შეეხება, ჩვენ რომ მოვედით, რამდენიმე ამნისტია გამოცხადდა. ქართულ საზოგადოებას პირველად სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ აჩვენა თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე პატიმრის უფლებებს და როგორ უნდა მოექცე მას ლმობიერად. 

- იმ საფრთხეებს და რისკებს რა ვუყოთ, რომელიც ასეთ ამნისტიებს მოჰყვება ხოლმე? კრიმინალის ზრდას ვგულისხმობ. მაგალითად, „ლელო“კანონპროეტს მხარს არ უჭერს, რადგან ამნისტია უვადო პატიმრებსაც შეეხება და გარეთ შეიძლება მკვლელები, ტერორისტები, ნარკოტიკების გამსაღებლები და ა.შ. გამოვიდნენ.

- „ლელოც“ თავის ამომრჩეველზე მუშაობს და თავისი მოსაზრება აქვს. რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, რა თქმა უნდა რისკები არის, თუმცა ვერავის დავეთანხმები, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, კრიმინალი გაიზარდა. ამის შესახებ შსს-მ არაერთხელ გააკეთა განცხადება. კრიმინალი არ გაზრდილა, გაიზარდა ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან კრიმინალის გაშუქების რაოდენობა და რასაც ადრე არ აშუქებდნენ, დღეს უხვად შუქდება. როცა ამნისტიაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ვის ეხება ეს შეწყალება. სააკაშვილმა, სანამ პრეზიდენტობიდან წავიდოდა, ამნისტია გამოსცა მკვლელებზე, პედოფილებზე და უმძიმესი დანაშაულის ჩამდენ პირებზე და იმდენი გამოუშვა, რომ იმ პერიოდში კრიმინალი მართლაც გაზარდა, თუმცა სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდა. 

რაც შეეხება „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, „ხალხის ძალის“ და ხელისუფლების პოზიცია, არ მინდა ლიდერებს დავასწრო და პირველმა გავაჟღერო მათი პოზიცია. უახლოეს ხანებში ყველაფერს გაიგებთ.

ლელო მხარს არ დაუჭერსამნისტიის კანონპროეტს,, რადგან ამნისტია შეეხება უვადო პატიმრებს და გარეთ შეიძლება გამოვიდნენ მძიმე დამნაშავეები, მკვლელები, ტერორისტები და ა.შ. ეს ვერ იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

დღეს ნარკოდამოკიდებულება ქვეყნის უდიდესი ტრაგედიაა და რეალიზატორების მიმართ ამნისტიის აქტი არასწორია. "ლელო " ემხრობა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას მომხმარებლებთან მიმართებით,თუმცა, ის ფაქტი, რომ პროექტით ნარკოტიკების ტრაფიკის და დამზადების მუხლებზეც ვრცელდება ამნისტია, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა