ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში აფეთქებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
შარლ მიშელის თქმით, ის რაც უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის დროს მოხდა, კრემლის სცენარისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია.
„ოდესაზე თავდასხმა, უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს კრემლის სცენარისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ურყევია“,- აცხადებს შარლ მიშელი.
ბერძნულმა გამოცემამ Protothema-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, როდესაც ქალაქი საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოინახულა.
გამოცემა ირწმუნება, რომ რუსული ჯარების სამიზნე უკრაინის პრეზიდენტის ავტოკოლონა იყო.