თეგებით ძიება
07. 03. 2024 კულტურა

გაბრიელ მარკესის შვილებმა გამოსცეს მამის ბოლო რომანი, რომელიც უნდა განადგურებულიყო

გაბრიელ გარსია მარკესის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, მწერლის დაბადების დღეს, შვილებმა გადაწყვიტეს გამოეცათ მისი უკანასკნელი რომანი „აგვისტომდე”. მარკესი რომანის წერისას დემენციას ებრძოდა და სიკვდილის წინ შვილებს დაუბარა, გაენადგურებინათ ჩანაწერი.

გაბრიელ გარსია მარკესის შვილმა გონსალო გარსიამ ბი-ბი-სისთან საუბრისას აღნიშნა, რომ მწერალი სიცოცხლის ბოლო წლებში არ ყოფილა იმ მდგომარეობაში, რომელშიც თავისი ნაშრომის ობიექტურად განსჯას შეძლებდა – იგი ხედავდა მხოლოდ ხარვეზებს და არა საინტერესო ნაწილებს, რომლებიც ტექსტში იყო.

წიგნის თავიდან წაკითხვის შემდეგ, გონსალო მარკესმა თქვა, რომ ტექსტი არ მიაჩნია ისეთ კატასტროფად, როგორადაც მას გაბრიელ გარსია მარკესი თვლიდა. შვილის აზრით, რომანი არის მწერლის შემოქმედების დამატებითი და ღირებული ნაწილი, რადგან წარმოაჩენს მის ახალ, განსაკუთრებულ მხარეს.

„სამი წამით დავფიქრდით – იყო ეს ჩემი მშობლების და მამაჩემის სურვილის ღალატი? მივხდით, რომ კი, ეს იყო ღალატი. მაგრამ ამისთვის ვართ შვილები”, – ამბობს გონსალო მარკესი.

ვიცოდით, რომ რომანს არ გავანადგურებდით. 2022 წელს ერთ-ერთი ჩანაწერი წავიკითხეთ და არ ყოფილა დავა ამის შესახებ. მივხვდით, რომ წიგნი დასრულებული იყო და არ დაგვჭირდებოდა ბევრი ცვლილების შეტანა. წიგნში არაფერია დამატებული და არც დიდი ცვლილებებია განხორციელებული – თქვა მან.

რომანი ვითარდება შუახნის მთავარი პერსონაჟი ქალის გარშემო, რომელიც ყოველ ზაფხულს დედის საფლავის მოსანახულებლად მარტო მოგზაურობს კუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, კუნძულზე ყოველი ჩასვლისას  ახალ საყვარელს იჩენს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაბრიელ გარსია მარკესის ტექსტი იგება ქალი პროტაგონისტის გარშემო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა